საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად, საფოსტო მარკა შეიქმნა
საქართველოს ფოსტის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, გაიმართა მარკის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება.
ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, ვეტერანმა ფეხბურთელმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრმა გოჩა ჯამარაულმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ფეხბურთელი ვეტერანები და საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, გოჩა ჯამარაულს საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.
ქართული მარკა მიმოქცევაშია 2024 წლის 12 ივნისიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის 80 სერვისცენტრში.
საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღიშნული მარკით არის შესაძლებელი.
მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 40.000 ერთეული.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.