საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2 აპრილიდან ახალ პროექტს იწყებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2 აპრილიდან ახალ პროექტს იწყებს. ჩვენი სოციალური მედიის საშუალებით, გეძლევათ შესაძლებლობა თვალი ადევნოთ ქართველი ფეხბურთელების საკლუბო მატჩებს. ამ ეტაპისთვის უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ბოლომდე ჩვენ ოფიციალურ ვებგვერდზე იხილავთ გურამ კაშიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და ჯაბა კანკავას ბრატისლავის "სლოვანის" ყველა შეხვედრას სლოვაკეთის ჩემპიონატის ფარგლებში.
მოლაპარაკებები აქტიური ფაზაშია და უახლოეს პერიოდში ჩვენ პლატფორმას კიდევ რამდენიმე ევროპული ჩემპიონატი დაემატება, სადაც საქართველოს ნაკრების წევრები და კანდიდატები თამაშობენ. მატჩების წინასწარ ანონსს ეროვნული გუნდის ვებგვერდზე, nakrebi.ge-ზე იხილავთ
? დავით მუჯირი (საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის გენერალური მდივანი): "ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ ამ პროექტზე. გვსურს, რომ როგორც ინტერნეტ პლატფორმაზე, აგრეთვე ტელევიზიით, ფეხბურთის გულშემატკივრებმა რაც შეიძლება მეტი შეხვედრა ნახონ ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობით. ამ ეტაპზე ვიწყებთ სლოვაკეთის ჩემპიონატით, მალე კიდევ რამდენიმე ჩვენი ლეგიონერის საკლუბო მატჩი დაგვემატება. ამ პროექტის ფარგლებში გვსურდა მაქსიმალურად ბევრი მატჩის ჩვენება, ამიტომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.
ახალი სეზონიდან პროექტი კიდევ უფრო მეტ მასშტაბს შეიძენს. რა თქმა უნდა, საუბარია ჩვენ პლატფორმაზე იმ ჩემპიონატების მატჩების ჩვენებაზე, რომელთა საავტორო უფლებებს საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი კომპანია არ ფლობს. შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი პროექტის დასაწყებად უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს და დარწმუნებული ვარ ქართველი გულშემატკივრისთვის ეს სასიამოვნო სიახლე იქნება. უფრო მეტ ინფორმაციას ჩვენ გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით მივაწვდით ფეხბურთის გულშემატკივრებს".
2 აპრილი | 19:30 | სპარტაკი ტრნავა - სლოვანი ბრატისლავა
მატჩს იხილავთ სატესტო რეჟიმში და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.