საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ეროვნული ნაკრების და კოკა-კოლას თანამშრომლობა კიდევ ოთხი წლით გაგრძელდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო პულმანში გაიმართა. ხელშეკრულებას ხელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მოაწერეს.
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია", ხელშეკრულების თანახმად, 2026 წლის ჩათვლით განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსის მფლობელია. აღნიშნული სტატუსით კოკა-კოლას ბრენდის ინტეგრირება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების, ვაჟთა ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდისა და სფფ-ის საფეხბურთო აკადემიებთან მოხდება.
კოკა-კოლა წლების განმავლობაში უდგას გვერდში ქართულ ფეხბურთს და კონკრეტულად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. იყო არაერთი პროექტის ინიციატორი, მათ შორის, კომპანიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 25-ჯერ ჩაატარა „კოკა-კოლას თასი“, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ასაკის მოყვარული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიება გალა ვახშმის ფორმატში სასტუმრო პულმანში გაიმართა და მას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები, ეროვნული ნაკრების მთავარი მწრთვნელი და სამწრთვნელო შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
? ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „კიდევ ერთხელ მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს. როგორც იცით, ეროვნულ ნაკრებსა და კოკა-კოლას შორის ორი წლის წინ შედგა თანამშრომლობა. ამ პერიოდში წარმატებული გზა გავიარეთ ერთად და აქედან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ეროვნული ნაკრების და კოკა-კოლას თანამშრომლობა კიდევ ოთხი წლით გაგრძელდა.
მოხარულები ვართ, რომ ასეთი ძლიერი პარტნიორი და მეგობარი გვყავს, რომელიც წლების განმავლობაში ედგა ქართულ ფეხბურთს გვერდში და ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა, განსაკუთრებით ბავშვთა ფეხბურთში.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ კოკა-კოლა არის აქტიური მხარდამჭერი და პარტნიორი მოახლოებული ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ცხადია, ბევრი საინტერესო აქტივობა გვაქვს დაგეგმილი და ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტში კოკა-კოლა აქტიურად იქნება ჩართული“.
? თემურ ჭყონია (კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას პრეზიდენტი): „გავაფორმეთ ხელშეკრულება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, საქართველოს ნაკრებთან, იმ გმირებთან, რომლებმაც უნდა დაიცვან ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი. თაობა, რომელიც ახლა წამოვიდა, არაჩვეულებრივ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, აუცილებლად მოიგებს იმ გადამწვყეტ თამაშებს და ევროპის ჩემპიონატზე გაგვიყვანს.
ძალიან პრესტიჟული და საამაყო ხელშეკრულებაა ჩვენი კომპანიისთვის. როდესაც ვხედავთ საზოგადოების ნებისმიერი ფენის ასეთ მხარდაჭერას ფეხბურთის მიმართ, ვალდებულები ვართ ვიყოთ იქ, სადაც საზოგადოება და ფეხბურთია“.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.