საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტროსთან, გარემოს დაცვის ინსპექციასა და გარემოს დაცვის სახელმწიფო ფონდთან. შეხვედრებზე მხარეებმა გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე იმსჯელეს.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა ჩეხი კოლეგებისგან რეკომენდაციები მიიღეს დაზიანებული ტერიტორიების აღდგენის ღონისძიებების და რისკების ანალიზის ჩატარების მეთოდოლოგიის მიმართულებით, გაეცნენ გარემოს დაცვის ფონდის საქმიანობას, მის სტრუქტურულ მოწყობას, დაფინანსების წყაროებს და პროექტების დაფინანსების სქემებს, იმსჯელეს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასა და საკანონმდებლო საკითხებზე, კანონმდებლობის აღსრულების ნაწილში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.
დელეგაციის წევრებმა ლიტვინოვის ნავთობის გადამმუშავებელ ქარხანა „უნიპეტროლში" და მინის (ბროლის) წარმოების ყოფილ საწარმო „ელიაშკაში" დაზიანებული ტერიტორიები დაათვალიერეს, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს, განხორციელებულ აღდგენით პროცესებს და მიღწეულ შედეგებს გაეცნენ, განიხილეს არსებული გამოწვევები და გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად განსახორციელებელი ქმედებები.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართულმა მხარემ გაიზიარა ევროპული დირექტივების შესაბამისი საუკეთესო გამოცდილება და ორ მხარეს შორის დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2021 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი გარემოსდაცვითი მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობას ახორციელებს, მათ შორისაა საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება, ჰაერის ხარისხის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული აქტივობები დადებითად შეფასდა ევროკავშირის მოხსენებაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.