საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ალეკსანდარ ძიკიჩი გაწვრთნის
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სერბი სპეციალისტი, ალეკსანდარ ძიკიჩი გაწვრთნის. 52 წლის სპეციალისტმა, რომელიც 2023 წლის ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს და მიმდინარე სეზონიც იერუსალიმის ჰაპოელში დაიწყო, ებრაული კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა და ის მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს.
როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში განმარტავენ, ეროვნულ ნაკრებში 2015 წლიდან მუშაობის შემდეგ, გასული მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად ბერძენ სპეციალისტს, ილიას ზუროსს მეორე ვადით გაგრძელებული კონტრაქტი ამოეწურა და სექტემბრიდან ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური იყო. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ალეკსანდარ ძიკიჩთან რამდენიმე თვიან მოლაპარაკებას აწარმოებდა, რა პერიოდშიც არაერთი დეტალი შეთანხმდა და დაკორექტირდა. საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენი ნაკრების ინტერესების შესაბამისად გადაწყდა და იერუსალიმის ჰაპოელთან დაშორების შემდეგ სერბმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრები ჩაიბარა.
„კონტრაქტი მომავალი, 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული: მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირს და რაღა თქმა უნდა, ევრობასკეტის ფინალურ ეტაპს. 2025 წლის შემოდგომაზე მხარეები კონტრაქტის გაგრძელების საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებენ. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებში შეიკრიბება, რათა 2025 წლის ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის მოემზადოს, რომლებსაც 23 თებერვალს ნესტვედში, დანიასთან და 26-ში თბილისში, სერბეთთან გამართავს.
მიუხედავად არცთუ დიდი ასაკისა, ძიკიჩი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია. მისი კარიერა 1991 წელს, 20 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 1994 წლიდან ის პროფესიონალი მწვრთნელია. ბელგრადის პარტიზანში მთავარი მწვრთნელების (ნენად ტრაიკოვიჩი, დარკო რუსო, დუშკო ვუიოსევიჩი) ასისტენტად 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2005 წელს, ალეკსანდარ ძიკიჩი ნბა-ში გადავიდა და მინესოტა ტიმბერვულვზში დუეინ კეისის ასისტენტი გახდა. ძიკიჩი გახდა მეორე ევროპელი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვის შემდეგ, რომელმაც ნბა-ს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიცია დაიკავა.
მინესოტაში 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2008 წელს ალეკსანდარ ძიკიჩი ევროპაში დაბრუნდა და ლიუბლიანის ოლიმპიას მთავარი მწვრთნელი გახდა. ალეკსანდარ ძიკიჩმა სლოვენიის ჩემპიონობა ზედიზედ 4-ჯერ მოიგო - ორჯერ ოლიმპიაში, ხოლო შემდეგ კიდევ ორჯერ - ნოვო მესტოს კრკა-ში. ძიკიჩის გაწვრთნილი გუნდები სხვადასხვა წლებში გამხდარან ადრიატიკის ლიგისა და მონტენეგროს ჩემპიონატის გამარჯვებულები, სლოვენიისა და ისრაელის თასის მფლობელები, ხოლო 2011 წელს მისმა გაწვრთნილმა კრკა-მ ფიბა-ს ევროჩელენჯის თასი მოიგო. გასულ, 2022-2023 წლების სეზონში ძიკიჩს წინამძღოლობით ჰაპოელმა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც გერმანულ ტელეკომთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
სერბი სპეციალისტი სხვადასხვა წლებში წვრთნიდა ლიეტუვოს რიტასს (ლიეტუვა), პარტიზანს (სერბეთი), ბუდუჩნოსტს (მონტენეგრო), ესტუდიანტესს (ესპანეთი) და ჰაპოელს (ისრაელი). სანაკრებო დონეზე ძიკიჩს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები (2014-2015) გაუწვრთნია, ხოლო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ალეკსანდარ ძიკიჩის ასისტენტები ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი იქნებიან, რომლებიც ამ პოზიციაზე ჩვენს ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსთან ერთად ბოლო წლებში მუშაობდნენ. ბოისა საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე რუსთავის მთავარი მწვრთნელია, ხოლო მარკოიშვილი ევროლიგის კლუბ მონაკოში - საშა ობრადოვიჩის ასისტენტი“, - აღნიშნულია ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.