საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამ თბილისში ბულგარეთის რკინიგზის BDZ-ის და სანაოსნო კომპანია P.N.A LTD-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა
საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამ თბილისში ბულგარეთის რკინიგზის BDZ-ის და სანაოსნო კომპანია P.N.A LTD-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის, საბორნე მიმოსვლის განახლების შესახებ, ხელშეკრულება გაფორმდა. საბორნე მიმოსვლის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაოები წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. მხარეებმა, სარკინიგზო ბორანის გამართული ფუნქციონირების აღსადგენად, ურთიერთთანამშრომლობის ყველა პირობა შეათანხმეს. საბორნე/სარკინიგზო მიმოსვლა ბოლო ორი წელია შეჩერებულია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის სარკინიგზო/საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის გავლით, ტვირთების გადაზიდვების ლოგისტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი საშუალებით საქართველო და ბულგარეთი, უწყვეტად განახორციელებს ტვირთების საერთაშორისო ტრანსპორტირებას, სპეციალურად აღჭურვილი სარკინიგზო ბორნების მეშვეობით. აღნიშნული მიმოსვლა ერთი მხრივ, დამატებითი ტვირთნაკადების შემოდინებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის მარშრუტის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საბორნე გემების რეგულარული მიმოსვლა, უახლოეს მომავალში აღნიშნულ მიმართულებაზე გადაზიდვების მზარდ მოთხოვნას უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.