საქართველოს სათბურის აირების ინვენტარიზაციის დოკუმენტის განხილვა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროექტის „საქართველოს V ეროვნული შეტყობინებისა და I ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის შემუშავება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ“ (5NC/1BTR) ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეებთან გამართულ შეხვედრაზე სათბურის აირების ეროვნული ინვენტარიზაციის დოკუმენტი განიხილეს.
შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა დოკუმენტის, როგორც NC/BTR ანგარიშგების მნიშვნელოვან კომპონენტს და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია სათბურის აირების ემისიებისა და შთანთქმის შესახებ შესაძლებელს გახდის შეფასდეს შემარბილებელი ქმედებების შედეგები და მათი წვლილი NDC მიზნების მიღწევაში.
ცენტრის ექსპერტებმა დაინტერესებულ მხარეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევა/შთანთქმის განახლებული მონაცემებისა და ტენდენციების შესახებ. მონაწილეებმა იმსჯელეს მონაცემთა მოპოვების მეთოდოლოგიასა და შემდგომი ინვენტარიზაციების გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჯავახიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ანთაძე, სახელმწიფო, საერთაშორისო, არასამთავრობო და კერძო სექტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი „საქართველოს V ეროვნული შეტყობინებისა და I ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის შემუშავება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ“ ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.