საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ორგანიზებით სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი ჩატარდება
28 იანვარს 14:00 საათზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ორგანიზებით, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი ჩატარდება. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგებიან სხვადასხვა დარგში მოღვაწე პრაქტიკოსები და მიმოიხილავენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს განვითარების სტადიებს.
ფორუმის მიზანია სტრატეგიული კომუნიკაციების ევოლუციისა და თანამედროვე ტენდენციების, გამოწვევების მიმოხილვა, ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება. პოტენციური სტუდენტებისთვის და დამსწრეებისთვის იქნება შესაძლებლობა, რომ მიიღონ ინფორმაცია სტრატეგიული კომუნიკაციების, კრიზისების მენეჯმენტისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოებასთან ურთიერთობის კონცეფციებს, ბრენდინგს, კონტენტ-მარკეტინგს, ბიზნეს კომუნიკაციასა და მომხმარებელთა ქცევას. მომხსენებლებს შორის იქნებიან: ელდარ პირმისაშვილი, შოთა ჩინჩალაძე, მარიამ ლორთქიფანიძე, გიორგი ჩუგოშვილი, გიორგი ტუღუში.
ფორუმი კარგი საშუალებაა უწყვეტი სწავლის ხელშეწყობისა და სოციალური კაპიტალის ჩამოყალიბებისთვის. ფორუმზე დასასწრები ბილეთების შეძენა მსურველებს tkt.ge-ზე შეუძლიათ.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესახებ
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი 1994 წელს დაარსდა. 90-იანი წლებისათვის GIPA იყო ერთ-ერთი პირველი დასავლური ინოვაციური პროექტი, რომელიც ერთი სამაგისტრო პროგრამით დაიწყო. დღეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ოთხი სკოლა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, სხვადასხვა ტრენინგ კურსებს და კონსულტაციებს. ჯიპა 3000-მდე კურსდამთავრებულს ითვლის, რომელთა 90% წარმატებით საქმიანობს საჯარო და ბიზნეს სექტორში, კერძო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მიზანია ისეთი მენეჯერების ჩამოყალიბება, რომლებიც შეძლებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურის აწყობასა და მართვას, შედეგებზე ორიენტირებული საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის, როგორც კომერციულ, ისე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში. სასწავლო კურსებს უძღვებიან პრაქტიკოსი ლექტორები.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.