საქართველოს ციფრული ინტეგრაციისთვის, ComCom-ისა და ევროპელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევა უმნიშვნელოვანესია - ევროკავშირის დელეგაციის ატაშე
კომუნიკაციების კომისიამ, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპის შედეგები წარადგინა. შეხვედრაზე სიტყვით ევროკავშირის დელეგაციის ატაშე საქართველოში, ლიზე ვანვეიმელბეკე გამოვიდა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ComCom-ისა და ევროპელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ევროკავშირისთვის საქართველოს ციფრულ სივრცეში სრულად ინტეგრაცია პროირიტეტულია. „ინტეგრაციისთვის აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა სერვისები არსებობს ტელეკომ ბაზარზე, სწორედ ამიტომ, კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული კვლევა უმნიშვნელოვანესია" - აღნიშნა ევროკავშირის დელეგაციის ატაშემ და დაამატა, რომ მიმდინარე პროექტი მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ რეალური სურათი და სწორად დავსახოთ შემდგომი ამოცანები.
„ევროკავშირის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტი, საქართველოს გაციფრულება და შემდგომ, ციფრულ სივრცეში ინტეგრაციაა - სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ჩვენ ეს მნიშვნელოვანი პროექტი, რომლისთვისაც აუცილებელია ეკონომიკური ინვესტირების განხორციელება" - განაცხადა მან. ლიზე ვანვეიმელბეკემ საუბრისას ასევე გამოთქვა იმედი, რომ მომავალ წლებში ევროკავშირის წევრი ბევრი ახალი ქვეყანა გახდება, რაშიც მნიშვნელოვან როლს, ხარისხიანი კომუნიკაციის დამყარება ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად, ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნისა და კონკურენციის გაზრდის მიზნით, ტელეკომ სექტორის სრულფასოვანი კვლევა გასული წლის ბოლოს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, შედეგებისა და საჭიროებიდან გამომდინარე, გამოვლინდებიან სატელეკომუნიკაციო ბაზრებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და განისაზღვრება შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაცერთი მხრივ, მრავალფეროვან სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ, მცირე ზომის კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ საქმიანობა და მომხმარებელს ალტერნატიული საკომუნიკაციო სერვისები შესთავაზონ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.