საქართველოსა და სლოვაკეთის ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღეს სლოვაკეთის ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაში, რომელიც ქალაქ პოვაჟსკა-ბისტრიცაში გაიმართა. შეხვედრას დაესწრო საქართველოს საპატიო კონსული სლოვაკეთში ნოდარ გიორგაძე.
სლოვაკეთის მხარეს წარმოადგენდნენ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სჟაბოლს ჰოდოსი, ენერგეტიკული სექტორის გენერალური დირექტორი იან პეტროვიჩი და ქვეყნის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს დირექტორი ჯოზეფ ჰოლენჩიკი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ენერგეტიკის სექტორში ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების, ენერგეტიკული სექტორის რეფორმებისა და მარეგულირებელი ჩარჩოებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის აუცილებლობას.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორსა და მის საინვესტიციო პოტენციალზე. აღინიშნა, რომ საქართველო მდიდარია განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია ათვისებული. სლოვაკური მხარის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ენერგოსექტორის ხელშეწყობის სქემებით, რომელთა მიზანია დარგში ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ამით ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება.
აღინიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, მნიშვნელოვანია ბიზნეს ფორუმებისა და B2B შეხვედრების გამართვა ქართულ და სლოვაკურ კომპანიებს შორის.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მომავალში უფრო აქტიურად ითანამშრომლონ ახალ ენერგეტიკულ ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდას.
სხვა სიახლეები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა
23.07.2026.18:10
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია.
განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებულ რეჟიმს.
ამასთან, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მზარდი ტენდენცია.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის თარიღად 2026 წლის 8 სექტემბერი განისაზღვრა.