სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თბილისში, მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასო იქნება
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თბილისის ტერიტორიის შერჩეულ არეალებში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან უამრავი ადამიანი, ოჯახია, რომელიც ვერ ახერხებს მიწის რეგისტრაციას, სხვადასხვა რაიონსა და უბანში. ამ პროგრამაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქი არ იყო ჩართული. შესაბამისად, გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც მოგვცემს შესაძლებელობას, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს.
დღეის მდგომარეობით, თბილისის ტერიტორიაზე არსებობს არაერთი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც, სხვადასხვა ობიექტური გარემოების გამო, ვერ რეგისტრირდება ვერც მუნიციპალიტეტის და ვერც სხვა დაინტერესებული პირების საკუთრების უფლება.
ვინაიდან, საჯარო რეესტრი წარმოადგენს ამ მიმართულებით უფლებამოსილ და კომპეტენტურ ორგანოს, პროექტს განახორციელებს საჯარო რეესტრი, ხოლო მის ფინანსურ მხარდაჭერას სრულად უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტი. შესაბამისად, მოქალაქეებისთვის აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდება სრულიად უფასოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის შედეგად, შერჩეულ არეალებში, საკუთრების უფლებისა და მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე და ასევე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების სტატუსით, ათასობით მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდება. საუბარია 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ იდენტიფიცირებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და განხორციელდება მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების ფონდის მონაცემების სრულყოფაც.
„პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად. ამ ეტაპზე შერჩეულია რამდენიმე პრობლემური ლოკაცია: დიდგორი, ძველი ვეძისი, დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა“, - აღნიშნა მერმა. მისივე ინფორმაციით, პროექტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.