სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ცდილობდა თაღლითურად გაესხვისებინა რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონება – კერძოდ, წყნეთში მდებარე 18 000-ზე მეტი კვადრატული ფართობის მიწის ნაკვეთი.
ბრალდებული აღნიშნული ქონების გასხვისებას, უცხო ქვეყანაში დამზადებული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, მიმდინარე წლის 24 ივლისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ცდილობდა. მიწის შეძენის მსურველთან წინასწარი შეთანხმებით, სხვის კუთვნილ უძრავ ქონებას ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად – 1 200 000 აშშ დოლარად ასხვისებდა,რა დროსაც ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.
სხვა სიახლეები
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
24.07.2026.17:08
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საჯარო სხდომაზე განიხილა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიიღო გადაწყვეტილება 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შესახებ.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის შესწავლის ფარგლებში, სემეკის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე.
მიმდინარე წლის 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.