სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ბინადრობის ნებართვის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტი გამოავლინა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ერთი და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამი ადამიანი, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
„ბრალდებულებმა თურქეთის თექვსმეტ მოქალაქეს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენი ყალბი დოკუმენტები დაუმზადეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ კონკრეტულ კომპანიებთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული პირები - ბუღალტერი, თარჯიმანი და სხვა პოზიციაზე მომუშავეები, სარგებლობდნენ კომპანიის დირექტორების პირადი მონაცემებით და ხელმძღვანელებისგან ფარულად, მათი სახელით, თურქეთის მოქალაქეებს უფორმებდნენ ყალბ შრომით ხელშეკრულებებს, თითქოსდა ეს ადამიანები ამ კომპანიებში გარკვეულ თანამდებობებზე მუშაობდნენ.
ოთხივე პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
საქართველო ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტ ჯივინოსტატს შეიძენს და სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს - ბექა მიქაუტაძე
07.08.2026.17:07
ხელისუფლებამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტის საქართველოში შემოტანისა და პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულის თაობაზე საკრებულოს სხდომაზე განცხადება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა.
როგორც ბექა მიქაუტაძემ აღნიშნა, საქართველომ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური პრეპარატის, „ჯივინოსტატის“, შეძენის შესახებ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს, ქვეყანაში შემოიტანს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართავს.
„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლეა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის, რადგან პრეპარატი დაავადების პროგრესირების შენელებაზე მოქმედი ინოვაციური თერაპიაა და მისი სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა თანამედროვე მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.