სახელმწიფოს მიერ მინიჭებული საგადასახადო შეღავათები სტარტაპ ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას, მეტი რესურსი მიმართონ ტექნოლოგიის განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაზე - ავთანდილ კასრაძე
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა, რაც 0%-იან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთისა და სხვა შეღავათების მინიჭებას ითვალისწინებს.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მფლობელები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები - Retain და Amblify გახდნენ. სტარტაპები ეწევიან ინოვაციური და გლობალური პოტენციალის მქონე საქმიანობას.
Retain ქმნის მომხმარებლის უკუკავშირის დამუშავებისა და მართვის ინოვაციურ სისტემას. პლატფრომა ავტომატურად ამუშავებს მომხმარებლისგან მიღებულ თითოეულ უკუკავშირს და მათ მზა ბიზნეს-რეკომენდაციებად აქცევს, რაც კომპანიის მენეჯმენტისთვის ამცირებს გადაწყვეტილების მიღების დროს და აუმჯობესებს ხარისხს. ვებ-გვერდი https://portal.retain.ge/
Amblify ქმნის პლატფორმას, რომლის საშუალებითაც, ზარმაცი თვალის მქონე პაციენტს შეუძლია გაიუმჯობესოს მხედველობა კლინიკაში ყოველდღიური ვიზიტების გარეშე. პლატფორმა იყენებს მეცნიერულად დამტკიცებული კონცეფციის მქონე ვიდეოთამაშებს. ვებ-გვერდი https://www.amblify.net/
როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე აღნიშნავს, GITA-თვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო მეტი ქართული ტექნოლოგიური კომპანია გადადის განვითარების ახალ ეტაპზე და იღებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსს.
“სახელმწიფოს მიერ მინიჭებული სტატუსი და საგადასახადო შეღავათები სტარტაპებს მისცემს შესაძლებლობას, მეტი რესურსი მიმართონ ტექნოლოგიის განვითარებისთვის, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ინოვაციური კომპანიების ზრდას და საქართველო ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად ტექნოლოგიური მეწარმეობისთვის” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კომპანიებს სთავაზობს საგადასახადო მხარდამჭერ მექანიზმს, რომელიც ამცირებს ფინანსურ ტვირთს ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის და აძლევს შესაძლებლობას, მეტი რესურსი მიმართონ პროდუქტის განვითარებასა და გუნდის გაძლიერებაზე.
სხვა სიახლეები
პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში პირველკლასელებმა მეორე დღეს 2 933 ნერგი დარგეს
23.10.2026.17:42
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, მეორე დღეს პირველკლასელებმა 2 933 ნერგი დარგეს.
გამწვანების ღონისძიებები ქედაში, შუახევში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, კასპში, ბორჯომში, ახალციხეში, თიანეთსა და დუშეთში გაიმართა. პროგრამა ხის დარგვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში 41 000-ზემეტი პირველკლასელი ჩაერთვება.
„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ.
ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიურიდა ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა - cheminergi.eiec.gov.ge, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეყვანა და ფოტოს ატვირთვა.
პლატფორმის საშუალებითშეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა.პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.