საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით დაინტერესებული მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - ჯუანშერ ბურჭულაძე
„წელს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა დაემატა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან. იგი გამოეხმაურა ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან თავდაცვის ძალების წინააღმდეგ წარმოებულ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება. მინისტრი შეეხო ჯარიდან სამხედრო მოსამსახურეების გადინების შესახებ ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციას. მისი განცხადებით, არათუ გადინება, არამედ სამხედრო საქმით დაინტერესების მაჩვენებელი დეკადების განმავლობაში არსებულ რეკორდულ მაჩვენებელზეც მაღალია.
„წელს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით დაინტერესდა მოქალაქეთა დიდი რაოდენობა, სწორედ იმიტომ, რომ მათ იციან თუ როგორ ზრუნავს ჩვენი ხელისუფლება ჯარისკაცებზე, თუ როგორი სოციალური პირობები აქვს შექმნილი თავდაცვის უწყებას სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ასეთი შედეგი, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროს არ ჰქონია. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ ოთხი წლის წინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ეს, რა თქმა უნდა, გრძელდება და, სწორედ, ამის შედეგია საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით მოქალაქეთა მხრიდან მაღალი დაინტერესება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.