საქპატენტმა „თოვლის ბაბუა“ ინტელექტუალურ საკუთრებად დაარეგისტრირა
საქპატენტმა „თოვლის ბაბუა“ ინტელექტუალურ საკუთრებად დაარეგისტრირა, - ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.
„ყოველწლიურად მილიარდობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, ახალ წელთან ერთად, მოუთმენლად ელის თოვლის ბაბუასა თუ სანტა კლაუსს, უამრავი ადამიანი მისი სახელით იღებს საჩუქრებს, რასაც სიხარული, ბედნიერება და მომავლის, ახალი წლის იმედი მოაქვს. და მაინც, ასეთი თვალსაჩინოების, უთვალავი საჩუქრისა და ამაღელვებელი ემოციების მიუხედავად, აგერ უკვე ას წელზე მეტია დაჟინებით ვამტკიცებთ, რომ ის არ არსებობს, თუმცა ყოველ წელს ჯიუტად ველოდებით მისგან საჩუქრებს. უდავოდ ადამიანური მიდგომაა.
სინამდვილეში თოვლის ბაბუა ადამიანებში სიკეთის კეთების მარადიული და დაუძლეველი სურვილის მტკიცებულება და ამ სიკეთის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც ჭეშმარიტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც კაცობრიობის ინტელექტუალური შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუში, სიკეთის კეთების სადღესასწაულო გზა და ფორმა. არა მხოლოდ ჩვენთან, საქართველოში, არამედ მთელ სამყაროში ყველაფერს კარგს სჭირდება დაცვა, მოვლა და პატრონობა. მხოლოდ უფალს ყოვლისშემძლესა და ყველას მფარველს არ სჭირდება დაცვა, აი ადამიანებში ღმერთის რწმენას, როგორც სიკეთის, სიყვარულისა და იმედის უშრეტ წყაროს მუდმივად უნდა გაფრთხილება.
სწორედ ამიტომ, „თოვლის ბაბუა“, როგორც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრება, საქპატენტში იქნება დაცული.
ინტელექტია ადამიანებისათვის ის ღვთიური ნაპერწკალი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მიზანი თუ სანუკვარი ოცნება რეალობად აქციოს. სარწმუნოა, რომ გონიერ და მშრომელ ადამიანს, ინტელექტის სწორად გამოყენების შემთხვევაში, თავისი სურვილების ასრულებასთან მხოლოდ დრო აშორებს. უნდა გვჯეროდეს, რომ ოცნებების ასრულების საათი სწორედ ახალი წლის ღამეს, თოვლის ბაბუის მოსვლასთან ერთად აწიკწიკდება და აუცილებლად გვამცნობს ოცნებების ასრულების დროს“, - ნათქვამია მასში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.