სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით, გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება
სამუშაოების უსაფრთხოდ და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით შესრულების მიზნით, 2026 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეიზღუდება
შეზღუდვის პერიოდში, სამტრედია–გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი, ლესის სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე და ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია–სუფსის საავტომობილო გზის გავლით განაგრძობს მოძრაობას გრიგოლეთის მიმართულებით
გრიგოლეთი–სამტრედიის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
სხვა სიახლეები
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს
21.09.2026.17:16
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს, - აღნიშნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე.
„მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს. ამის გამო, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მას არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი. ამავე მიზეზით, 2025 წლის 21 დეკემბერს დავითაძე მოთავსდა დაწესებულების დეესკალაციის საკანში და მისი ოჯახის განმარტებით, სწორედ ამ დროს განხორციელდა მსჯავრდებულზე ღირსების შემლახველი ქმედება, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სრული სიცრუეა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანის და მისი იქ ყოფნის ამსახველი ჩანაწერები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, კანონით დადგენილი წესით, გადასცა პროკურატურასა და სახალხო დამცველის ოფისს, 2025 წლის 29 დეკემბრის მოთხოვნის საფუძველზე. მასალის დათვალიერების შედეგად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულზე ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.
ამასთან, რადგან აღნიშნული მსჯავრდებული გამოირჩევა პროვოკაციული ქმედებებით, 2026 წლის 3 მარტიდან პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, უწყვეტად მიმდინარეობს გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალის დაარქივება. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, გაასაჯაროოს როგორც გამოძიების მიერ გამოთხოვილი, ასევე უკვე მიმდინარე წლის მარტიდან გაკეთებული ვიდეოჩანაწერები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.