სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებით 6 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა.
აღნიშნული მონაკვეთის პირველი, ლანჩხუთი–ლესას 6-კილომეტრიანი ნაწილი ავტოტრანსპორტისთვის 2025 წლის ბოლოს გაიხსნა, ხოლო ამ ეტაპზე ექსპლუატაციაში შევიდა დარჩენილი 6 კილომეტრიც.
პროექტის ფარგლებში აშენდა 12-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 6 სახიდე გადასასვლელი, 2 სატრანსპორტო კვანძი, ასევე მოეწყო საქონლის გადასასვლელები და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებთან დამაკავშირებელი საველე გასასვლელები.
ახალი გზა გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების – გვიმბალაურის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის ტერიტორიაზე გადის.
სამტრედია–გრიგოლეთის 52-კილომეტრიანი მაგისტრალი ოთხ მონაკვეთად შენდება. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად გახსნილია მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთებზე, ხოლო სამუშაოები გრძელდება პირველ მონაკვეთზე.
შედეგად, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის 52 კილომეტრიდან უკვე 42.5 კილომეტრზე მოძრაობა გახსნილია. დარჩენილი 9.5-კილომეტრიანი პირველი მონაკვეთის დასრულება და მოძრაობის გახსნა 2027 წელს არის დაგეგმილი.
სამტრედია–გრიგოლეთის გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია. 52 კილომეტრიანი გზა იწყება ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან.
პროექტის დასრულების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობის დრო და ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის ხარჯები, ხოლო საერთაშორისო სატრანზიტო მიმოსვლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება.
სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ღირებულება 324.6 მილიონი ლარია.
სხვა სიახლეები
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს
21.09.2026.17:16
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს, - აღნიშნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე.
„მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს. ამის გამო, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მას არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი. ამავე მიზეზით, 2025 წლის 21 დეკემბერს დავითაძე მოთავსდა დაწესებულების დეესკალაციის საკანში და მისი ოჯახის განმარტებით, სწორედ ამ დროს განხორციელდა მსჯავრდებულზე ღირსების შემლახველი ქმედება, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სრული სიცრუეა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანის და მისი იქ ყოფნის ამსახველი ჩანაწერები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, კანონით დადგენილი წესით, გადასცა პროკურატურასა და სახალხო დამცველის ოფისს, 2025 წლის 29 დეკემბრის მოთხოვნის საფუძველზე. მასალის დათვალიერების შედეგად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულზე ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.
ამასთან, რადგან აღნიშნული მსჯავრდებული გამოირჩევა პროვოკაციული ქმედებებით, 2026 წლის 3 მარტიდან პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, უწყვეტად მიმდინარეობს გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალის დაარქივება. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, გაასაჯაროოს როგორც გამოძიების მიერ გამოთხოვილი, ასევე უკვე მიმდინარე წლის მარტიდან გაკეთებული ვიდეოჩანაწერები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.