სამტრედიაში ყველის ორი არარეგისტრირებული საწარმო გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ინდმეწარმე ზ. გ. (მის: ჩეხოვის ქ. №4) ნედლი რძის თერმულ გადამუშავებას ახდენდა სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ ჰქონდა რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა სურსათი, რომელიც მზადდებოდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით.
დარღვევები გამოვლინდა ვასაძის ქუჩა N8-ში მდებარე ყველის საწარმოშიც, სადაც ინდმეწარმე ზ. კ. საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე. საწარმოში არ ტარდებოდა სათანადო რეცხვა-დეზინფექცია, დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა, ობიექტზე დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ეტიკეტირების წესი, დაილუქა მავნედ მიჩნეული რძის შემცველი პროდუქტი.
„კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
იმერეთის ინსპექტორებმა რეგიონში ყველის ორი არალეგალური საწარმო მიმდინარე წლის იანვარშიც გამოავლინეს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ ან/და გადაამუშაონ ცხოველური წარმოშობის სურსათი (გარდა პირველადი წარმოებისა) აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები“, - აცხადებენ სააგენტოში.
სხვა სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
10.11.2026.14:42
სურსათის ეროვნული სააგენტო ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც, უწყების შეფასებით, საერთაშორისო დელეგაციის ოფიციალურ მასპინძლობასთან დაკავშირებული ფაქტები არასწორად არის ინტერპრეტირებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 45-კაციანი ოფიციალური დელეგაციის მასპინძლობას, რომელიც საქართველოში 20-22 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
ოფიციალური ვახშამი გაიმართა საღამოს საათებში, რაც სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებულ ქვითარზე ასახული დროითაც დასტურდება, სადაც შეკვეთის მიღების დროდ 19:08 საათია მითითებული.
შესაბამისად, იმის მტკიცება, თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები რესტორანში სამუშაო საათებში იმყოფებოდნენ, წარმოადგენს სრულ დეზინფორმაციას. სურსათის ეროვნული სააგენტო მასპინძლის რანგში იმყოფებოდა ღონისძიებაზე, ქვითარზე მითითებული თანხა კი წარმოადგენს საერთაშორისო დელეგაციის ოფიციალური მასპინძლობისთვის და არა სააგენტოს თანამშრომლების პირადი მიზნებისთვის გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯს.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანისგან. დოკუმენტაცია სრულად გამჭვირვალეა და საჯაროდ ხელმისაწვდომია“, - ნათქვამია განცხადებაში.