სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბი გაიხსნა
2026 წლის 4 ივნისს, აშშ-ის ქალაქ სან-ფრანცისკოში გაიმართა საქართველოს ინოვაციების ჰაბის - BRID.GE ოფიციალური გახსნის ცერემონია.
ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. მან ხაზი გაუსვა სან-ფრანცისკოში, რომელიც ინოვაციისა და კრეატიულობის გლობალურ სიმბოლოს წარმოადგენს, ქართული ინოვაციების ჰაბის შექმნის მნიშვნელობას.
„ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება. ეს ხიდი, რომელიც დღეს ოფიციალურად იხსნება, უნდა იქცეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების და შესაძლებლობების, არამედ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების ძლიერ ინსტრუმენტად," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო, მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რეგიონში ეკონომიკური ზრდის, ახალი შესაძლებლობების და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა.
„დღეს საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად ითვლება ბიზნესის დასაწყებად, რადგან რეგულაციები მარტივია და სახელმწიფო სერვისები კი ციფრულად განვითარებული. ეს ქმნის რეალურ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ღონისძიებაზე მიწვეულ საპატიო სტუმართა შორის იყვნენ სან-ფრანცისკოს მერი, დენიელ ლური და გლობალური სტარტაპ აქსელერატორის Plug and Play-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, საიდ ამიდი.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში, ლევან ყულიჯანიშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე და Owl Ventures-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ამიტ პატელი.
საქართველოს ინოვაციების ჰაბის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა ქართველმა მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ. ცერემონიის ფარგლებში, ასევე გაჟღერდა ქართული მრავალხმიანობის გამორჩეული ნიმუშები ქართული/ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლ „ჩაკრულოს" შესრულებით.
აღსანიშნავია, რომ BRID.GE წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველ ქართულ ინოვაციების ჰაბს, რომელიც ქართველი სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის, გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან პირდაპირი წვდომის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
სხვა სიახლეები
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
15.07.2026.16:20
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი" , დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.
სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 420 გრამი ოქროსა და 27 გრამი ვერცხლის ნაკეთობები სამართალდამრღვევ მოქალაქეს მცირე ზომის ხელჩანთასა და მანქანის სალონში არსებულ სივრცეებში ჰქონდა განთავსებული.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 135 545 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.