სანქციების შემოღების შემდეგ, საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებულია უარის 1770 შემთხვევა - ლაშა ხუციშვილი
გასულ წელს ყველამ ერთად ვიხილეთ დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელების ძალიან ბევრი შემთხვევა სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, ძირითადად, პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ, რომელიც მიმართული იყო საბაჟო სამსახურისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ცხადია, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი სამუშაოს შემადგენელი ნაწილია და ყველა ასეთ ფაქტს მომავალშიც გაეცემა დასაბუთებული პასუხი - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების დღეებიდანვე, შემოსავლების სამსახურში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს სანქცირებული ტვირთებისა და პირების საკითხს საქონლის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას.
„სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1770 შემთხვევა. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს გაზრდილ შესაძლებლობებზე ტრანზიტის მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოზე გამავალი შუა სატრანზიტო დერეფანი გახდა უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური კვანძი.
„განუხრელად იზრდება საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთნაკადი, რაც რამდენჯერმე ზრდის ლეგიტიმური ვაჭრობის ხელშეწყობისაკენ მიმართულ ადმინისტრირების ტვირთს. აქედან გამომდინარე, სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება საბაჟოს ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების ზრდის საკითხი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მან მადლობა გადაუხადა სტრატეგიულ პარტნიორებს საბაჟო ორგანოების აღჭურვისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობის განვითარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის.
„ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს ამ დიდი ამოცანის მისაღწევად, როგორც ეროვნული, ისე რეგიონული მასშტაბით. ჩვენს ყველა მეზობელ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს საბაჟო მონაცემთა ელექტრონული გაცვლა. შექმნილია სამართლებრივი ბაზა, რომელიც საზღვარზე ერთობლივი კონტროლის მოდელის გამოყენების საშუალებას იძლევა. ამ მხრივ, განსაკუთრებით, გამორჩეულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაგეგმილი ერთობლივი სახმელეთო გამშვები პუნქტის აბრეშუმის გზა-იპეკ ოულის მშენებლობის საეტაპო მნიშვნელობის მქონე შეთანხმება, რომელსაც სრული მხარდაჭერა გააჩნია საქართველოს მთავრობის მხრიდან. ვიმედოვნებ, რომ რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული ეს მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე, მოექცევა ჩვენი უცხოელი პარტნიორების ინტერესების სფეროში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
სიტყვის დასასრულს მან მებაჟე ოფიცრებს მიულოცა საბაჟოს საერთაშორისო დღე და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.