საპატრიარქოში 12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება - მღვდელმთავრები საპატრიარქო ტახტის სამ კანდიდატს აირჩევენ
დღეს 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. მღვდელმთავრები საპატრიარქო ტახტის სამ კანდიდატს აირჩევენ.
გაფართოებულ კრებაზე, რომელიც 17 მაისამდე დაინიშნება, სწორედ დღეს არჩეული კანდიდატებიდან გამოავლენს სინოდი საქართველოს 142-ე პატრიარქს. თუ გაფართოებულ კრებაზე კანდიდატებიდან ვერც ერთი ვერ მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას ხმათა უმრავლესობის მქონე ორი კანდიდატი მიიღებს.
„ამ სხდომის მთავარი საკითხია სამი საპატრიარქო კანდიდატის შერჩევა. შეარჩევენ ფარული კენჭისყრით. ყველა მღვდელმთავარს შეუძლია ხმა მისცეს იმ მღვდელმთავარს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში მითითებულ კრიტერიუმებს. ასევე, ამ სხდომაზე ჩანიშნავენ გაფართოებული კრების თარიღს“, - განაცხადა დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა.
სხვა სიახლეები
მდინარე ანთოკისხევზე ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა
28.04.2026.10:08
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - ბაკურციხე - ლაგოდეხის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრზე, მდინარე ანთოკისხევზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა.
მდინარე ანთოკისხევზე არსებული სახიდე გადასასვლელი აგებული იყო გასული საუკუნის 60-იან წლებში. ხიდი დაზიანებული იყო და სატრანსპორტო მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა. მის ნაცვლად აშენდა ერთმალიანი ჭრილკოჭოვანი სისტემის ახალი ხიდი, რომლის სიგანე - 14.6 მეტრი, ხოლო მთლიანი სიგრძე 29.2 მეტრია. ხიდს აქვს ორი სანაპირო ბურჯი.
ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 1.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.