საყანე ფართობები აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს განაგრძობს. თხილის მოსავლის აღების შემდეგ, ფაროსანა სიმინდზე ინაცვლებს. საყანე ფართობების მონიტორინგის შედეგად, იმ მასივებში, სადაც მავნებლის გადაჭარბებული კონცენტრაცია ფიქსირდება, სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა თერმული ნისლით წამლობას ახორციელებს.
ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოში, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 128 628.00 ჰა ფართობი, ცივი შესხურების მეთოდით - 40 068 ჰა ფართობი, განთავსებულია მონიტორინგის 98 081 სპეციალური სისტემა.
სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად განხორციელებული მავნებლის საწინააღმდეგო სისტემური ღონისძიებების შედეგად, წინა წლების მსგავსად, წელს სიმინდში ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი მინიმუმამდე არის დაყვანილი და, როგორც ფერმერები აღნიშნავენ, თითქმის 0%-ია.
მავნებლის გამოზამთრების ფაზის მოახლოებასთან ერთად, სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განათავსონ მექანიკური ხაფანგები (მექანიკური ღონისძიებები იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=23sHNGIIzSs), რათა მომავალი სეზონისთვის ფაროსანას რიცხოვნობა კიდევ უფრო შემცირდეს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.