საქართველომ EUROCONTROL-ის საჰაერო სივრცის მართვის მხარდამჭერი სისტემის დანერგვის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივითა და საერთაშორისო კოორდინაციით, საქართველოში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) საჰაერო სივრცის მართვის მხარდაჭერის ადგილობრივი და რეგიონული სისტემა – „LARA" დაინერგება.
შესაბამის შეთანხმებას ხელი საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს – შპს „საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა მოაწერეს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სისტემის დანერგვის პრაქტიკული ღონისძიებები და საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები განიხილეს. აღინიშნა, რომ LARA-ს სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო სივრცის მართვის პროცესების ოპტიმიზაციას და სამოქალაქო და სამხედრო სექტორებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას.
LARA (Local and Sub-Regional Airspace Management Support System) არის EUROCONTROL-ის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მიზანია საჰაერო სივრცის მართვის პროცესების ავტომატიზაცია და საჰაერო სივრცის მოქნილი გამოყენების (FUA) კონცეფციის ეფექტიანი რეალიზება. სისტემა ხელს შეუწყობს სამოქალაქო-სამხედრო საჭიროებებისთვის საჰაერო სივრცის ოპერატიულ განაწილებასა და მართვას. ამასთანავე, უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში გაცვლას ევროკონტროლთან, რაც აუცილებელია საჰაერო სივრცის დაგეგმარებისა და ეფექტიანი სარგებლობისთვის. პროექტი EUROCONTROL-ის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, როგორც საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე უწყება, განაგრძობს საჰაერო სივრცის მოქნილად სარგებლობის კონცეფციის დანერგვასა და განვითარებას როგორც სტრატეგიულ, ისე პრეტაქტიკურ და ტაქტიკურ დონეებზე.
სხვა სიახლეები
გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის საკითხების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
15.07.2026.16:14
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის საკითხების შესახებ მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - “აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები”.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი ფანგანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის პრიორიტეტებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. დეტალურად ისაუბრა რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ევროკავშირის ენერგეტიკულ მოთხოვნებთან შესაბამისობასა და საქართველოს ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე.
“საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის განვითარება ეფუძნება მის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას, მეზობელ ქვეყნებთან არსებულ სტრატეგიულ ენერგეტიკულ კავშირებსა და საქართველოს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვან პოტენციალს. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც წარმოადგენს ახალ შესაძლებლობას საქართველოსთვის, გააძლიეროს საკუთარი როლი ევროპასა და კავკასიის რეგიონს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის განვითარებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიისა და საქართველოს ევროპულ ენერგეტიკულ სივრცესთან ინტეგრაციას. მარეგულირებელი კომისია, სემეკი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ენერგეტიკული სექტორის შესაძლებლობების განვითარებაში. სემეკის მიერ შემუშავებული ეფექტიანი რეგულაციები ხელს უწყობს ენერგეტიკული პროექტების წარმატებით განხორციელებას “, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.
14-15 ივლისს საბერძნეთში, ქ.ათენში, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) ორგანიზებით ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიაზე გადასვლისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის შესახებ - EU4Energy III ფაზა ევროკავშირის პროექტის" ფარგლებში, მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით ,,ენერგეტიკული მომავლის დაკავშირება: ინტერკონექტორები და განახლებადი ენერგიის ინტეგრაცია დაკავშირებადობის დღის წესრიგი“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.