საქართველომ თურქეთთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო სისტემა წარმატებით აამოქმედა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ, თურქეთის რესპუბლიკასთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა წარმატებით აამოქმედა.
ახალი მექანიზმის ამოქმედების შედეგად, საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ გადამზიდველებს შესაძლებლობა ექნებათ, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ციფრულ ფორმატში ისარგებლონ. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადმინისტრაციულ
პროცედურებს, შეამცირებს ქაღალდზე დოკუმენტების დამუშავების საჭიროებას, დააჩქარებს სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და კონტროლის პროცესს და გაზრდის საერთაშორისო გადაზიდვების ეფექტიანობას.
„ციფრული სანებართვო სისტემა ორმხრივ პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანა ერთიან ელექტრონულ პლატფორმას იყენებს სანებართვო დოკუმენტების გაცვლისა და აღრიცხვისთვის. ეს უზრუნველყოფს მონაცემთა სწრაფ და უსაფრთხო მიმოცვლას, ამცირებს ტექნიკურ-ადმინისტრაციულ შეფერხებებს და ქმნის უფრო
გამჭვირვალე და თანამედროვე მექანიზმს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ადმინისტრირებისთვის. ამ ეტაპზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი და სააგენტოს სამომავლო გეგმის მიხედვით, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მოქმედი სანებართვო სისტემების გადასვლა ციფრულ ფორმატზე ეტაპობრივად განხორციელდება“ - განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ.
სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ECMT-ის (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვა) ელექტრონული სისტემისა და თურქეთთან ციფრული სანებართვო მექანიზმის წარმატებით ამოქმედება საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარებას, საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებას და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის, როლის კიდევ უფრო გაძლიერებას.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.