საქართველოს აქვს უნიკალური პოტენციალი გახდეს რეგიონული ფინტექ ჰაბი - იოჰან ბოსინი
22-23 ოქტომბერს ,”თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა , რომელიც რეგიონში ფინანსური სექტორის განვითარების, ინვესტიციების ხელშეწყობისა და ფინტექ ინოვაციების განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. სამიტი აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, რეგულატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან, რათა ხელი შეუწყონ ინკლუზიური და მდგრადი ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას.
საიუბილეო, მე-5 სამიტის ფარგლებში გამართულ პანელზე - “Building an Investor Ecosystem: From Seed to Scale” - განხილული იყო ინვესტორთა ეკოსისტემის განვითარება, ახალი და მზარდი სტარტაპების დაფინანსება, კაპიტალის ბაზრის გაღრმავება და რეგულაციური ჩარჩოს სრულყოფა.
პანელში მონაწილეობდნენ წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
დისკუსიის მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ინვესტორთა ბაზრების განვითარების, სტარტაპების ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდისა და რეგულაციური გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.
იოჰან ბოსინიმ მედიასთან საუბრისას საქართველოს ფინტექ ეკოსისტემა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ ჩამოყალიბდეს რეგიონულ ფინტექ ჰაბად.
„საქართველო დინამიურად მზარდი და ინოვაციური ბაზარია, რომელსაც აქვს ყველა წინაპირობა, რომ ჩამოყალიბდეს რეგიონულ ფინტექ ჰაბად. სწორედ ასეთ გარემოში ჩნდება შესაძლებლობა გლობალური გამოცდილების ლოკალიზებისა და მდგრადი ფინანსური ეკოსისტემის ჩამოყალიბებისთვის.“ - აღნიშნა მან.
თბილისის ფინანსური სამიტი უკვე მეხუთედ აერთიანებს ფინანსური სექტორის ლიდერებს, ინვესტორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო, რათა ხელი შეუწყონ ფინანსური ინოვაციების განვითარებას, კაპიტალის ბაზრის გაძლიერებასა და რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებას.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.