საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება თემურ უგულავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული ქართველი ბიზნესმენის, ჩვენი წევრი კომპანიის „აჭარა ჯგუფის" დამფუძნებლის, თემურ უგულავას გარდაცვალების გამო.
თემურ უგულავა იყო თანამედროვე ქართული ბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, რომელმაც განსაკუთრებული და ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოში სტუმარმასპინძლობის, ტურიზმისა და ურბანული განვითარების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებაში.
მისი ხედვა, ინოვაციური მიდგომები და გაბედული პროექტები არა მხოლოდ წარმატებული ბიზნესსაქმიანობის, არამედ ქვეყნის კულტურული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. თემურ უგულავას სახელს უკავშირდება არაერთი საერთაშორისო აღიარების მქონე პროექტი, რომლებმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღირსეულად წარმოაჩინა, ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული მიმზიდველობა გააძლიერა და ახალი ხარისხობრივი სტანდარტი დაამკვიდრა ბიზნესის განვითარების სფეროში.
თემურ უგულავა გამოირჩეოდა შემოქმედებითი აზროვნებით, მაღალი პროფესიონალიზმითა და იმ ღირებულებებისადმი ერთგულებით, რომლებიც პროგრესსა და განვითარებას ემსახურება. მისი საქმიანობა და მემკვიდრეობა მომავალ თაობებს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შთააგონებს.
მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ ქართული ბიზნეს საზოგადოებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გულწრფელ სამძიმარს უცხადებს თემურ უგულავას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და „აჭარა ჯგუფის" თითოეულ თანამშრომელს. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ მათ ტკივილს და პატივს მივაგებთ ადამიანის ხსოვნას, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს თანამედროვე ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში.
სხვა სიახლეები
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა
01.10.2026.17:08
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა ზურაბ აბაშიძემ, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, მთაწმინდის რაიონის საჯაროს სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, პედაგოგის პროფესია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რთული და საპასუხისმგებლოა და ისინი თავიანთი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულების გამო განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ.
„ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა დღეს თქვენთან შეხვედრა და იმ ადამიანების დაფასება, რომელთა შრომას თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თქვენი პროფესია გამორჩეულად საჭირო და ამასთანავე, საპასუხისმგებლოა. მასწავლებელი არამხოლოდ ცოდნას გადასცემს მოსწავლეს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში, სწორედ ამიტომ თითოეული თქვენგანის მრავალწლიან შრომას უდიდესი წვლილი მიუძღვის არაერთი თაობის მომავალში.
როგორც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ დღეს მთაწმინდის საჯარო სკოლების გამორჩეულ პედაგოგებს ვხვდები. მინდა მადლობა გადაგიხადოთ პროფესიის ერთგულებისთვის, პასუხისმგებლობისა და იმ ყოველდღიური შრომისთვის, რომელსაც მომავალი თაობების განათლებასა და განვითარებას უძღვნით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ღონისძიებაში ფარგლებში მთაწმინდის რაიონის 18 საჯარო სკოლის 18 პედაგოგი დააჯილდოვეს. ცერემონიაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე მონაწილეობდნენ.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.