პატრიარქის სიტყვა, სიბრძნე და სიყვარული ადამიანების მიმართ მრავალი თაობისთვის იქცა იმედის, რწმენისა და სულიერი სიმშვიდის წყაროდ - სოსო ფხაკაძე
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ილია II-ის გარდაცვალებას ეხმიანება, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ: ,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალება არის უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი ჩვენი ქვეყნისთვის.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა განუყოფელად უკავშირდება საქართველოს უახლეს ისტორიას — იგი იყო ჩვენი სულიერი სიმტკიცის, ეროვნული ერთიანობისა და მშვიდობის სიმბოლო, რომელიც ურთულეს პერიოდებში ერის გამაერთიანებელ ძალად გვევლინებოდა.
პატრიარქის ღვაწლი ქართული კულტურის, განათლებისა და სულიერი ღირებულებების შენარჩუნებასა და განვითარებაში განუზომელია. მისი შეუფასებელი წვლილი ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში და საზოგადოების მორალური საფუძვლების გაძლიერებაში სამუდამოდ დარჩება ქვეყნის ისტორიაში.
მისი სიტყვა, სიბრძნე და სიყვარული ადამიანების მიმართ მრავალი თაობისთვის იქცა იმედის, რწმენისა და სულიერი სიმშვიდის წყაროდ.
მისი უკვდავი სახელი და დატოვებული მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის გულებში — როგორც ქვეყნის სიყვარულის, შემწყნარებლობისა და ადამიანური ღირსების უმაღლესი მაგალითი….”, - წერს სოსო ფხაკაძე.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.