საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 14-დან 3 სუბიექტი (შპს „ეიაიფორი“, შპს „აბცექს“ და შპს „რაპირა გრუპ“) საქართველოში დაფუძნებულია, თუმცა არცერთი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიების წინააღმდეგ შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო. ამასთან, მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.
ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება. შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს "მნიშვნელოვნად შესაბამისს" (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს.
სხვა სიახლეები
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2026 წლის 22 აგვისტოს გაიხსნება
24.07.2026.16:25
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა ნებადართული იქნება 2026 წლის 22 აგვისტოდან 2027 წლის 1 მარტამდე. ნადირობის უფლების მისაღებად აუცილებელია გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის - 10 ლარის გადახდა.
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში. მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.
ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მათ შორის: ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. ნადირობა აკრძალულია ასევე სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვასა და სარგებლობაში არსებულ საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დასაშვებია მხოლოდ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული სანადირო იარაღით, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღით (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღით (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღით, სანადირო ცივი და ცივის სასროლი იარაღით, ასევე სანადირო პნევმატური იარაღით.
ნადირობისთვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით ვრცლად იხილეთ შესაბამის ბმულზე: