საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ინოვაციაზე ორიენტირებული რეგულატორია - Bybit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ინოვაციაზე ორიენტირებული რეგულატორია, - ამის შესახებ Bybit-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ ჟოუმ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ლიცენზიის მიღების პროცესი მკაცრი და დეტალურია, თუმცა ამავდროულად გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, რაც საერთაშორისო კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ინოვაციაზე ორიენტირებული რეგულატორია, მათ მიერ შექმნილი გამჭვირვალე და პროგნოზირებადი რეგულაციური გარემო საერთაშორისო კომპანიებს, მათ შორის Bybit-ს, ქვეყანაში ოპერირების და ინვესტირების მოტივაციას აძლევს", - განაცხადა ბენ ჟოუმ.
მისივე თქმით, საქართველოში კრიპტოინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს მკაფიო სამართლებრივ ჩარჩოს და ცენტრალური ბანკის აქტიურ ჩართულობას რეგულირების პროცესში.
„ჩვენი ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები მკაფიო და პროგნოზირებადი იყოს. ბევრ რეგიონში კომპანიები საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებულ სირთულეებს აწყდებიან, მაშინ როცა საქართველოში ცენტრალური ბანკი თავად ხელმძღვანელობს ამ ინოვაციურ პროცესს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში ინვესტირების შესახებ", - აღნიშნა მან.
ბენ ჟოუმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰაბად ყალიბდება, ხოლო ფინტექისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერა კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე გაფართოებისა და ინვესტირების დამატებით შესაძლებლობებს უქმნის.
ამჟამად საქართველოში Bybit-ის დაახლოებით 46 თანამშრომელია დასაქმებული და კომპანია ადგილობრივი გუნდის მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს. ამასთან, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ქართულ უნივერსიტეტებთან, რათა ხელი შეუწყოს ბლოკჩეინისა და კრიპტოტექნოლოგიების მიმართულებით განათლებისა და პროფესიული უნარების განვითარებას.
„საქართველოში ძლიერი ტექნოლოგიური პოტენციალია. ჩვენ გვინდა, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობები შევუქმნათ, როგორც განათლების, ისე დასაქმების მიმართულებით", - განაცხადა მან.
დღეს Bybit მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი კრიპტოპლატფორმაა. კომპანიის გლობალური ყოველდღიური სავაჭრო ბრუნვა ათეულობით მილიარდ დოლარს აღწევს და მომხმარებლებს მრავალფეროვან კრიპტო და ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს.
სხვა სიახლეები
ტექნოლოგიურმა ჰაბმა რეგიონული მასშტაბით უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ქალაქ ქუთაისში სრულიად რეგიონის ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით საინტერესო პროცესები დაიწყო - ავთანდილ კასრაძე
27.07.2026.21:30
„ქუთაისში რეგიონალური მასშტაბის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი გავაკეთეთ“, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.
სააგენტოს თავმჯდომარის შეფასებით, ტექნოლოგიურმა ჰაბმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ქალაქ ქუთაისში სრულიად რეგიონის ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით საინტერესო პროცესები დაიწყო.
ავთანდილ კასრაძე ტექნოლოგიური განვითარების გზაზე ოთხი მთავარი საფეხურის შესახებ საუბრობს, კერძოდ - ინტერესიდან-უნარამდე, უნარიდან - პროტოტიპამდე და პროტოტიპიდან უკვე ინოვაციურ ბიზნესამდე.
„ეს ოთხივე საფეხური წარმოდგენილი გვაქვს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში. ყველაფერი იწყება ინტერესით - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად უნდა დაინტერესდნენ ტექნოლოგიებით, ინოვაციებით, მეცნიერებით“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
სააგენტოს თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ყველაზე დიდი სივრცე ინტერაქციულ, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს ეთმობა, რომელიც ინტერესის გაღვივების მთავარი ეპიცენტრია.
„ჩვენი შემდგომი ამოცანაა, რომ ამ ცნობისმოყვარეობას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდება, უკვე კონკრეტული უნარები მივცეთ და მოქალაქეებს ჰქონდეთ სწავლების თანამედროვე მეთოდებთან წვდომა სრულიად უფასოდ. ცოდნის ამაღლების შემდგომ კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში მიღებული ცოდნა კონკრეტულ პროდუქტებად გარდაქმნან. ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ ჩვენს მოქალაქეებს გავუმარტივოთ პროცესები და მხარი დავუჭიროთ ინოვაციური სტარტაპების გლობალურ გაფართოებას. სწორედ ამიტომ, ამ ლოკაციაზე ერთად შევკარით ყველა ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ამ პროცესისთვისაა საჭირო. აქ წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის საკონსულტაციო ცენტრი, ასევე ინტელექტუალური საკუთრების სწავლების ცენტრი, რადგან პატენტებსა და ინეტელექტუალურ საკუთრებას სტარტაპებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქ წარმოდგენილი იქნება კერძო სექტორიც“- აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკები საქართველოს 9 ქალაქშია წარმოდგენილი, თუმცა ქალაქ ქუთაისში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი განთავსდა - ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, ისეთი, როგორიცაა ვირტუალური რეალობის, დრონების, ელექტრონიკის, 3D პროტოტიპირების მიმართულებით.
„გარდა ამისა პირველი ლაბორატორია რობოტიკის მიმართულებით სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდა. ამიტომ მინდა, ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ვუთხრა - არ არსებობს იდეა, რომელსაც ისინი ფრთებს ვერ შეასხამენ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში“- განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.