საქართველოს ეროვნული ბანკი საუკეთესო კვლევითი ნაშრომის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს კონკურსს საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად, რომლის მიზანია ახალგაზრდა მკვლევარი ეკონომისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მცირე ღია ეკონომიკის პირობებში მონეტარული პოლიტიკის გამოწვევების, საბანკო სისტემის ტრანსფორმაციის და კაპიტალის ბაზრის გაღრმავების საკითხებზე სამეცნიერო კვლევების წახალისება.
კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ შესაბამისი პროფილის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებსა და აკადემიური დოქტორის ხარისხის მქონე იმ პირებს, რომლებმაც ხარისხი ბოლო სამი წლის განმავლობაში მოიპოვეს.
კონკურსი სამ ნომინაციას მოიცავს:
კონკურსის თანდართულ შინაარსობრივ და ტექნიკურ პირობებში განსაზღვრულია კვლევითი თემების საორიენტაციო ჩამონათვალი ნომინაციების აღნიშნული სამი მიმართულების მიხედვით.
საკვლევი ნაშრომები ფოკუსირებული უნდა იყოს მცირე ღია ეკონომიკებისთვის დამახასიათებელი თავისებურებებისა და რისკების ანალიზზე. სასურველია, კვლევაში საქართველოს ეკონომიკის მაგალითის განხილვა, შესაბამისი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებითა და შედარებითი ანალიზის გამოყენებით.
ნაშრომი მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს საკვლევ პრობლემასა და კვლევის მიზანს, ეფუძნებოდეს შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს, უნდა ასახავდეს ავტორის დამოუკიდებელ მიგნებებსა და არგუმენტირებულ დასკვნებს.
კვლევის მოცულობა უნდა შეადგენდეს 4000-6000 სიტყვას. ნაშრომის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე, კონკურსის შინაარსობრივი და ტექნიკური პირობებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე შეირჩევა ის ნაშრომები, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალში „მონეტარული ეკონომიკა“ გამოქვეყნდება. მეორე ეტაპზე კი გამოქვეყნებულ ნაშრომებს შორის სამი საუკეთესო კვლევა გამოვლინდება.
კონკურსის გამარჯვებულები საქართველოს ეროვნული ბანკის ჯილდოს მიიღებენ და სებ-ში კვლევისა და განვითარების ანაზღაურებადი პროგრამის გავლის შესაძლებლობა ექნებათ.
კვლევითი ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2027 წლის 1 აპრილი. ავტორებმა სტატიები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - monetaryeconomics@nbg.gov.ge
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.