საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი „ბაზისბანკის“ აქციონერებს შეხვდა - რა განიხილეს
სები-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე სს „ბაზისბანკის“ აქციონერებსა და გენერალურ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მაკროეკონომიკური და საბანკო სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ნინო ჯელაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, საბანკო სისტემის მდგრადობასა და ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩოზე, რომელიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად არის ჩამოყალიბებული.
საუბარი ასევე შეეხო „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენის პროცესს. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ტრანზაქცია ხელს შეუწყობს საბანკო სექტორში კონკურენციის გაძლიერებასა და მესამე სისტემური ბანკის ჩამოყალიბებას. ამასთან, მხარეებმა ინტეგრაციის პროცესის დადგენილ ვადებსა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განხორციელებაზე ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციების დანერგვისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი გადახდების სქემისა და საგადახდო სისტემების დაკავშირების პროექტზე. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთის ცენტრალური ბანკები აღნიშნული ინიციატივის განხორციელების მიზნით აქტიურად თანამშრომლობენ, რაც გადახდების პროცესის გამარტივებასა და ტრანზაქციული ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი, საბანკო ზედამხედველობისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გაიმარჯვა სტარტაპმა Goni, რომელმაც GITA-ს 20 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა
30.10.2026.20:41
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გამოვლინდა გამარჯვებული სტარტაპი - Goni. გუნდის წევრებმა, თინა სიხარულიძემ და ნიკოლოზ დარსალიამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 20,000-ლარიანი საგრანტო დაფინანსება მოიპოვეს.
ღონისძიებას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიგი კეჟერაშვილი დაესწრო, რომელმაც გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადასცა.
Fintech ჰაკათონში, რომელიც ორ - ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის მიმართულებებს აერთიანებდა, 28 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მონაწილეები ინტენსიურად მუშაობდნენ ფინანსური სექტორის წინაშე არსებული რეალური გამოწვევების ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე. ტრენინგების, ონლაინ და პირისპირ მენტორშიფ-სესიებისა და პირველადი შერჩევის ეტაპის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი გადავიდა. მათ საკუთარი პროექტები Demo დღეზე ჟიურის წარუდგინეს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ჰაკათონის გამარჯვებული გახდა სტარტაპი Goni, რომელმაც მიმართულებაში - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსურ სექტორში“- საუკეთესო შედეგი აჩვენა. სტარტაპი შექმნილი პროტოტიპის შემდგომ განვითარებას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო დაფინანსებით გააგრძელებს. პროექტის პარტნიორების - Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, გუნდი Goni ასევე გაემგზავრება დუბაიში, სადაც გლობალურ ტექნოლოგიურ გამოფენას - GITEX Global 2026-ს დაესწრება.
ჰაკათონის მეორე მიმართულებაში - „ღია ბანკინგის API-ების დიაგნოსტიკა და ბენჩმარკინგი“ - საუკეთესო გუნდად Faeda AI დასახელდა. გუნდის წევრებმა, ორხან შამილოვმა და ნუცა ზალუაშვილმა, Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, აზიის ერთ-ერთ წამყვან ფინტექ ღონისძიებაზე - Singapore FinTech Festival 2026-ზე დასწრების შესაძლებლობა მოიპოვეს, სადაც ისინი საკუთარ პროექტს საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგენენ.
Fintech ჰაკათონი მიზნად ისახავდა ფინტექ სექტორში ინოვაციური და მასშტაბირებადი პროდუქტების შექმნის ხელშეწყობას, ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური ტალანტების განვითარებასა და ფინანსურ ტექნოლოგიებში ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის სტანდარტების დანერგვის წახალისებას. პროექტი 15 ოქტომბერს თბილისის ტექნოპარკში დაიწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართველმა, ისე საერთაშორისო სტარტაპერებმა. ჰაკათონის განმახორციელებელი კომპანიაა თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool).