საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინდექსებზე დაფუძნებული საინვესტიციო პროდუქტების განვითარების პერსპექტივებზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივა - ინდექსები და ბირჟაზე ვაჭრობადი საინვესტიციო ფონდები“ გაიმართა.
ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების პრაქტიკულ გამოყენებასა და ინდექსზე დაფუძნებული საინვესტიციო პროდუქტების განვითარების პერსპექტივებს.
კონფერენცია ეყრდნობა 2026 წლის თებერვალში მიღწეულ მნიშვნელოვან პროექტს, როდესაც, პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების შვიდი ინდექსი. ინდექსები შეიმუშავა Intercontinental Exchange-მა (ICE) და ხელმისაწვდომი გახდა როგორც Bloomberg-ის (Bloomberg IND), ისე ICE-ის ინდექსების პორტალის (indices.ice.com) მეშვეობით.
კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან კაპიტალის ბაზრების განვითარების, საბაზრო ინდექსების პრაქტიკული მნიშვნელობისა და მათი საინვესტიციო პროდუქტებად გარდაქმნის როლზე ისაუბრა.
მისი თქმით, ინდექსების გამოქვეყნება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების გზაზე.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და დღეს ჩვენ გვაქვს კარგად განვითარებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ძლიერი საბაზრო ინფრასტრუქტურა, DVP (მიწოდება ანგარიშსწორების სანაცვლოდ) ანგარიშსწორების სისტემა და დანერგილი გვაქვს საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველების თანამედროვე ჩარჩო. დაგროვებითი საპენსიო სისტემა სულ უფრო მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ინვესტორი ხდება ადგილობრივ ეკონომიკაში. „ICE საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები“ ამ სტრუქტურას მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ელემენტს სძენს. ისინი წარმოადგენენ გლობალურად აღიარებულ ბენჩმარკს - სამიზნე მაჩვენებელს და სრულად ფარავენ 10 წლამდე ვადიანობის ლარის სუვერენულ მრუდს. ICE-ის ინდექსების გამოყენებით შესაძლებელი ხდება სახაზინო ობლიგაციებში განხორციელებული შემოსავლიანობისა და რისკის მიმართ პორტფელების მართვა, საინვესტიციო მანდატების შემუშავება და საბოლოოდ საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ბაზართან დაკავშირებული ინდექსირებული საინვესიტიციო პროდუქტების განვითარება“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა წარადგინეს მოხსენებები საქართველოს განვითარების სტრატეგიულ ხედვასა და საინვესტიციო ფონდების მარეგულირებელ და საგადასახადო გარემოს შესახებ.
პანელური დისკუსიების მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში ინდექსებზე დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების შექმნის პრაქტიკული ნაბიჯები, ETF-ების განვითარების საერთაშორისო გამოცდილება, ასევე საინვესტიციო ბაზრის ეკოსისტემის გაძლიერებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები.
კონფერენციას ესწრებოდნენ Intercontinental Exchange-ის (ICE) წარმომადგენლები, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, საინვესტიციო ფონდების მმართველი კომპანიების, საბანკო სექტორისა და აქტივების მართვის სფეროს წარმომადგენლები.
კონფერენცია მეორე დღეს ადგილობრივი ფინანსური ბაზრების მონაწილეებსა და ICE წარმომადგენლებს შორის ორმხრივი შეხვედრების ფორმატში გაგრძელდა.
სხვა სიახლეები
ტარიფების დადგენისას ჩვენი ამოსავალი წერტილი ეს არის სოციალური საკითხების გათვალისწინება, მოწყვლადი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება - გიორგი ფანგანი
28.10.2026.16:43
ტარიფების დადგენისას ჩვენი ამოსავალი წერტილი ეს არის სოციალური საკითხების გათვალისწინება, მოწყვლადი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, - ამის შესახებ, სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა განაცხადა.
„კანონპროექტი რომელიც ინიცირებულია პარლამენტში დავიწყებ იქედან რომ მისი ერთი ნაწილი არის უბრალოდ მოქმედი ნორმის გაგრძელება ეს ეხება სასმელი წყლის და წყალარინების ტარიფებს რომელიც გულისხმობს რომ კომისიას აქვს უფლება ჯვარედინი სუბსიდირება გამოიყენოს ტარიფის დადგენის დროს იმისი ვადა გრძელდება რადგანაც არსებული ტარიფები წყალმომარაგების სექტორში უკვე დადგენილია იმ სახით რომ ძირითადად კომერციულ ტარიფზე არის ტვირთი გადატანილი. შესაბამისად 2026 წლის დეკემბერში ამ ნორმას ვადა გასდის და ვადა უგრძელდება ამ ნორმას. მეორე ნაწილი რაც არის ეს არის უკვე უშუალოდ იმის უფლებამოსილება კომისიის დელეგირება რომ მოხდეს სხვადასხვა ტიპის ტარიფების დადგენა მოცულობის მოხმარებასთან დაკავშირებით. დღეს როგორც ვიცი უკვე უნდა დამტკიცდეს ეს კანონი და შევა ძალაში ამის შემდეგ რა თქმა უნდა უკვე მოხდება კანონიდან გამომდინარე გარკვეული ცვლილებები ჩვენს ნორმატიულ აქტებში კონკრეტულად ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაში და და შემდეგ უკვე გამოისახება რა ტიპის სტრუქტურა იქნება ტარიფების მიმართ როგორც ბუნებრივი გაზის სექტორში, ასევე წყალმომარაგების სექტორში.
თუ კანონი იქნა მიღებული, არ მაქვს ინფორმაცია არის თუ არა დამტკიცებული კანონი რა თქმა უნდა ამ კანონის საფუძველზე დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება ზუსტად იმ საფუძვლებით რაც მათ შორის კანონის განმარტებით ბარათს ახლავს და უკვე ახალი მეთოდოლოგიით, ახალი სატარიფო სტრუქტურით დამტკიცდება ტარიფები ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, რადგანაც მათ ტარიფებს ვადა გასდით ზუსტად მიმდინარე წლის დეკემბერში.
ახლა მიდის აქტიური მუშაობა უშუალოდ ტარიფებთან დაკავშირებით მიდის როგორც მარგველებელი აუდიტი, ასევე სხვა ტარიფის ძირითადი შემადგენელი კომპონენტების დათვლა და დეკემბრის ბოლოს როგორც ყოველთვის უკვე გვექნება ზუსტი სურათი იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება ტარიფები მომხმარებლებისთვის.
გაზის შემთხვევაში იყო ტარიფები დადგენილი რამოდენიმე ტიპის ხოლო ჩვენს შემთხვევაში ახლა რაზც ვსაუბრობთ ვადა გასდის 2026 წელს.
საერთოდ არსებობს ძალიან ბევრი ტიპის ტარიფი რომ ავიღოთ მსოფლიო პრაქტიკა მაგალითისთვის გეტყვით დღე-ღამური ტარიფი არსებობს ძალიან აპრობირებული არის იგივე დასავლეთში, არსებობს ფიქსირებული ტარიფები, არის მომხმარების მიუხედავად იხდი გარკვეულ თანხას ამას უწოდებენ ინფრასტრუქტურის მზადყოფნის ტარიფს და ასე შემდეგ. ჩვენ დღეს საქართველოში რაც გვაქვს, გვაქვს ერთადერთი საფეხურებრივი ტარიფი ეს არის ელექტროენერგეტიკაში მოგეხსენებათ რომ სამი საფეხურია რომელიც ყოველთვე ანგარიშდება. ეს იმას ნიშნავს რომ ყოველი მომდევნო თვიდან იწყებთ ახალ ათვლას. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების ტარიფებს ჩვენ მეთოდოლოგიის დამტკიცების შემდეგ გვეცოდინება უკვე იმიტომ რომ არსებობს რამოდენიმე სცენარი რომლითაც შეიძლება განვითარდეს მოვლენები რა თქმა უნდა ჩვენი ამოსავალი წერტილი ეს არის სოციალური საკითხების გათვალისწინება მოწყვლადი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, ასევე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ შემოვიღოთ ისეთი მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობას, ენერგიის დაზოგვის საშუალებას. ერთ ციფრს მოგიყვანთ უბრალოდ საქართველოში საშუალოდ დღეს მოხმარება ერთ მომხმარებელზე გვაქვს 192 კუბური მეტრი როდესაც ევროპაში, დასავლეთ ევროპაში არის 140 კუბური მეტრი ანუ ამას საქართველოში უყაირათო მომხმარება ჰქვია. აი ბევრი მომენტი არის. ეხლა ამ ეტაპზე ძალიან რთულია რამეზე საუბარი, რადგანაც ჯერ კიდევ არ არის მეთოდოლოგია, ვერც იქნებოდა სანამ კანონი არ იქნება მიღებული. მეთოდოლოგიაში უკვე გვაქვს რამოდენიმე სცენარი მოაზრებული და რომელსაც დავამტკიცებთ რა თქმა უნდა პირველ რიგში საზოგადოებას გავაცნობთ“, - აცხადებს გიორგი ფანგანი.