საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორს ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის შესაძლებლობები გააცნო
საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსურ ბაზრებზე მოქმედი ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის შესახებ შეხვედრა შედგა, რომლის ფარგლებში სებ-ის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებისთვის აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია გამართეს.
შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე კომერციული ბანკები, საბროკერო კომპანიები, აქტივების მმართველები და ფინანსური ინფრასტრუქტურის მომწოდებლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის პოლიტიკა და ჩინურ იუანში დენომინირებულ აქტივებში ინვესტირების პრაქტიკა განიხილეს.
მხარეებმა საერთაშორისო სავალუტო სისტემაში ჩინური იუანის როლის ზრდაზე იმსჯელეს.
აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა იუანი სპეციალური ნასესხობის უფლებების (SDR) კალათში აშშ დოლართან, ევროსთან, იაპონურ იენასა და ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან ერთად მეხუთე ვალუტად შეიყვანა.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ კონკრეტული ქვეყნების მაგალითებს, რომელთაც ჩინურ იუანში უკვე მოახდინეს ინვესტირება. მათ შორის - იაპონიას 10 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტის ინვესტიცია აქვს განხორციელებული ჩინურ აქტივებში; ავსტრალია - 1.9 მილიარდი აშშ დოლარი; შვეიცარიას კი 15 მილიარდი იუანის საინვესტიციო კვოტა აქვს, რაც დაახლოებით 2.4 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის განთავსების შესაძლებლობას ნიშნავს.
ამასთან, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ჯერ კიდევ 2017 წელს განახორციელა პირველი, 500 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიცია ჩინურ ფასიან ქაღალდებში.
აღნიშნული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ჩინურ იუანში და ჩინურ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება ცენტრალური ბანკებისთვის დივერსიფიკაციის სტანდარტულ და აპრობირებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს.
ჩინურ ფინანსურ ბაზრებზე ოპერირების შესაძლებლობა კიდევ უფრო გაფართოვდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე - ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market - CIBM) მოიპოვა წვდომა.
„CIBM-ზე წვდომის მოპოვება მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ეროვნული ბანკის საინვესტიციო პოლიტიკის განვითარებაში. ის შესაძლებლობას გვაძლევს უფრო მოქნილად და ეფექტიანად ვმართოთ საერთაშორისო რეზერვები, გავაფართოვოთ საინვესტიციო ინსტრუმენტების სპექტრი და გავაძლიეროთ რისკების მართვის ჩარჩო”, - განცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ჩინურ იუანში და ჩინურ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტირება დივერსიფიკაციის მიზნით ხორციელდება. მთლიანობაში არაძირითადი ვალუტების წილი 10%-ით არის განსაზღვრული, საიდანაც ჩინური იუანის ინსტრუმენტებში დაახლოებით 5%-მდე იქნება განთავსებული.
„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რეზერვები იყოს დივერსიფიცირებული როგორც ვალუტების, ასევე აქტივების ტიპებისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით. აღნიშნული მიდგომა კონცენტრაციის რისკებს ამცირებს და რეზერვების მდგრად მართვას უზრუნველყობს. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც განაგრძობს საერთაშორისო რეზერვების მართვას კონსერვატიული, დაბალრისკიანი და დივერსიფიცირებული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით“, - დასძინა სებ-ის პრეზიდენტმა.
სხვა სიახლეები
ვგეგმავთ ცხელი ხაზის ოპერატორთა ჩანაცვლებას ხელოვნური ინტელექტის ასისტენტებით - საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი
26.10.2026.12:57
ჩვენ ვგეგმავთ ცხელი ხაზის ოპერატორთა ჩანაცვლებას ხელოვნური ინტელექტის ასისტენტებითგვაძლევს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
„მოგეხსენებათ ჩვენ კვარტალში ერთხელ საშუალოდ ვთავაზობთ მომხმარებელს სხვადასხვა სახის ინტერაქტიურ პლატფორმებს ბოლოს ჩვენ მიმოქცევაში გავუშვით ახალი ინტერაქტიული პორტალი ეკონომიკური საქმიანობის სახეების პორტალი სულ რამდენიმე თვის წინ რომელიც მთლიანად დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე ანუ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ტექსტური შეტყობინების ან ხმოვანი ფუნქციის გამოყენებით მიმართოს ამ პორტალს და მოითხოვოს შესაბამისი კოდი რომელიც თავის ეკონომიკურ საქმიანობას შეესაბამება. რაც შეეხება ჩვენს მომავალს ამ მიმართულებითო ვგეგმავთ ცხოვრების დონის მაჩვენებლებთან ძირითადად სიღარიბის მაჩვენებლებთან დაკავშირებით ახალი ინტერაქტიული პლატფორმის პრეზენტაციას და უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ გვექნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე საქტსტატში რაც კიდევ ერთხელ გააუმჯობესებს ხელოვნური იტელექტის გამოყენების პროცესს ოფიაციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში. ჩვენ ვგეგმავთ ცხელი ხაზის ოპერატორთა ჩანაცვლებას ხელოვნური ინტელექტის ასისტენტებით. დაახლოებით 3-4 თვეა პოლოტის რეჟიმს გადის და საიმედოობა და სიზუსტე საკმაოდ მაღალია“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე.