საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევის პრეზენტაცია გამართა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ფინანსური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კვლევა საქართველოში სოფლის მეურნეობის ბაზრის მიმოხილვას, სექტორის საკრედიტო პორტფელის ანალიზსა და მსესხებლების გადახდისუნარიანობის შეფასებას მოიცავს და მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ბიზნესგარემოსა და ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას.
დოკუმენტში განხილულია მიმდინარე ტენდენციები საქართველოსა და მსოფლიოში. ასევე წარმოდგენილია სექტორში დასაქამებული კომპანიების ფინანსური კოეფიციენტები და საკრედიტო პორტფელის მახასიათებლები. მათ შორის ,პორტფელის გადანაწილება ვალუტის, სეგმენტის და საკრედიტო რისკის დონის მიხედვით. კვლევის შედეგები ასახავს სექტორის სტაბილურობის შეფასებისთვის მნიშვნელოვან მიგნებებს და მიუთითებს იმ საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ისე პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორი ხასიათდება დაკრედიტების სტაბილური ზრდით, ლარიზაციის მაღალი დონითა და დაბალი კონცენტრაციით, რაც ამყარებს სექტორის ფინანსურ მდგრადობას. მსესხებლების გადახდისუნარიანობის ანალიზი ასევე ადასტურებს სოფლის მეურნეობის მდგრადობასა და ზრდის პოტენციალს, რაც უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაინტერესებულმა მხარეებმა იმსჯელეს კვლევის შედეგებზე, ასევე სექტორის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა უკვე გამოაქვეყნა ალკოჰოლური სასმელების, სამშენებლო მასალების, ენერგეტიკის, უძრავი ქონების დეველოპმენტის, ტურიზმისა და სასტუმრო სექტორების კვლევები. ეროვნული ბანკი განაგრძობს სექტორული კვლევების ჩატარებას და საზოგადოებისთვის გაცნობას.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.