საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სომეხ კოლეგებს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, გაეცნენ სომხეთის ცენტრალურ ბანკში არსებულ პრაქტიკას ამ მიმართულებით.
მსგავსი სამუშაო შეხვედრები მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის ცენტრალური ბანკისთვის ეფექტური რეზოლუციის ჩარჩოების შექმნისა და განხორციელების თვალსაზრისით. ყოველივე ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ერთობლივ სწავლებასა და რეგიონული კავშირების გაძლიერებას ფინანსური სტაბილურობის სფეროში.
პარალელურად, სებ-ის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სომეხ კოლეგებთან განიხილეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული კორპორაციული მართვის მარეგულირებელი ჩარჩო და შესაბამისი საზედამხედველო პრაქტიკა. აღნიშნული შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) მისიის ფარგლებში შედგა.
აღინიშნა, რომ ეს შეხვედრები ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის პარტნიორობის გაღრმავებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ორივე მხარის მიერ ეფექტიანი საზედამხედველო და სარეზოლუციო მექანიზმების განვითარებას შეუწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.