საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ რუგენაათს შეხვდა.
მიმოიხილეს მხარეთა შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის საკითხები, აგრეთვე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები.
საუბარი შეეხო ენერგეტიკის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს, მათ შორის, ანაკლიის პორტის, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის და წყლის სექტორის მიმართულებით.
ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.
ხაზი გაესვა რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური ფისკალური/მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს.
შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრები 12-18 ოქტომბერს, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში იმართება.
სხვა სიახლეები
12.10.2026.13:06
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2026“ გაიმართა
12.10.2026.13:03
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა (გერმანია) და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან პარტნიორობითა და თანაორგანიზებით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2026″ - ჩატარდა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, კონფერენცია, რომლის მიზანია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამედროვე ტენდენციების, გამოწვევებისა და მიღწევების განხილვა, ინოვაციური იდეების გაზიარება და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა. პროფესორმა თალიკო ჟვანიამ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, სახელით წარმატება უსურვა. თავის გამოსვლაში დეკანმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებას, ახალი იდეების წარმოჩენასა და უნივერსიტეტებს შორის აკადემიური კავშირების გაძლიერებას. დეკანმა ხაზგასმით ისაუბრა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მსგავსი შეხვედრების როლზე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების წარმოჩენისა და აკადემიური კავშირების გაღრმავების პროცესში.
როგორც თალიკო ჟვანიამ აღნიშნა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამ მიმართულებით დაგროვილი ცოდნის გაზიარება, ახალი სამეცნიერო მიდგომების განხილვა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის, ისე ინოვაციური გადაწყვეტილებების პრაქტიკაში დანერგვისთვის.
„მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ყოველწლიურად აგრძელებს განვითარებას და სხვადასხვა უნივერსიტეტს მასპინძლობის შესაძლებლობას აძლევს. გასულ წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კონფერენცია ბათუმში გაიმართა, წელს კი მას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენ შორის არსებულ აკადემიურ პარტნიორობასა და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების საერთო ინტერესს.
მსგავს ფორმატში კონფერენციების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებს, მკვლევრებსა და დარგის სპეციალისტებს აერთიანებს, ქმნის სამეცნიერო გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების განხილვისა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ამასთანავე, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს უნივერსიტეტებს შორის საგანმანათლებლო და კვლევითი კავშირების განმტკიცებას და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქართული უნივერსიტეტების წარმოჩენას. ჩვენი მიზანია, კონფერენცია იქცეს პლატფორმად, სადაც აკადემიური დიალოგი კონკრეტულ სამეცნიერო შედეგებსა და მომავალ ერთობლივ პროექტებში აისახება“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.