საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე
ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს და უზბეკეთის მთავრობას ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისა და სამარყანდში მასპინძლობისთვის.
გამოსვლაში მან ისაუბრა შუა დერეფნის როლის გაძლიერებაზე და აღნიშნა, დღეს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შუა დერეფნის შესაძლებლობების გაძლიერება და მასში ინვესტირება.
მისი თქმით, საქართველომ სტაბილურ პროგრესს მიაღწია თავისი სტრატეგიული მიზნებისკენ მიმავალ გზაზე - იქნება ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის ძირითადი ინფრასტრუქტურის დასრულება, თუ შუა დერეფნის კავშირის გაძლიერება. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ქვეყანას აქვს ძლიერი დღის წესრიგი გზების, რკინიგზის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის უნარის შემდგომი გაუმჯობესების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიმართულებით.
მან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ უცვლელი რჩება ქვეყნის პრიორიტეტები, რომელთა შორისაა: მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაცვა, სტრუქტურული რეფორმების, მსხვილი საინვესტიციო პროექტების უზრუნველყოფა და სხვა.
გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობას საჯარო და კერძო სექტორებში და იმედი გამოთქვა, რომ 20-წლიანი პარტნიორობა ბანკთან კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველოს ძირითად პრიორიტეტულ სფეროებში, რომელთა შორისაა დაკავშირებადობის უნარის გაუმჯობესება გაფართოებული სარკინიგზო და სახმელეთო გზების სისტემის საშუალებით; მწვანე და განახლებადი ენერგიის გამომუშავება, გაუმჯობესებული გადამცემი ხაზები; ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება; წყლისა და მუნიციპალური სერვისების განახლება.
მან, ასევე, ისაუბრა მთავრობებს, მრავალმხრივ ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. მისი თქმით, კავშირების გაძლიერება და კოორდინირებული მოქმედება ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრადობას, ინკლუზიურობასა და პროგრესს.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ - ავთანდილ კასრაძე
16.08.2026.17:21
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს STEAM ბანაკი 2026 - ის სამივე ნაკადი წარმატებით დასრულდა, რომელშიც 300 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს დიასპორის შვიდმა წარმომადგენელმა ბელგიიდან, გერმანიიდან და უზბეკეთიდან. მესამე ნაკადის დახურვის ღონისძიებას სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე დაესწრო და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
როგორც ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, STEAM ბანაკი აერთიანებს ხუთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო მიმართულებას - მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებას, დიზაინს და მათემატიკას და მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების პროგრამირების საწყისებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
“ბანაკი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ გაეცნონ მეცნიერებას, ტექნოლოგიებსა და ინჟინერიას, არამედ საკუთარი იდეები პრაქტიკაში გამოცადონ, იმუშაონ გუნდურად და შექმნან პირველი პროტოტიპები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში ყოველწლიურად ბანაკის მონაწილეთა რაოდენობა იზრდება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ და დავეხმაროთ მათ იმ უნარების განვითარებაში, რომლებიც მომავალ პროფესიებსა და ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში დასჭირდებათ,” - აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ.
ბანაკის ფარგლებში, მოსწავლეები სწავლობდნენ ახალი იდეების განვითარებასა და პროდუქტის პროტოტიპირებას, სტრატეგიულ თამაშში STEAM GAME-ში მონაწილეობა კი მათ აძლევდა შესაძლებლობას, გუნდურად დაეგროვებინათ ქულები, შეესრულებინათ მისიები და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საზაფხულო STEAM ბანაკებს 2023 წლიდან მართავს. ამ წლების განმვალობაში მასში 700-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.