„საქართველოს ფოსტა “დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ თელავში აღნიშნავს და მოსახლეობას მრავალფეროვან აქტივობებსა და ინტერაქციულ სივრცეებს სთავაზობს
2026 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „საქართველოს ფოსტა“ თელავში აღნიშნავს და მოსახლეობას მრავალფეროვან აქტივობებსა და ინტერაქციულ სივრცეებს სთავაზობს. კომპანიის პავილიონში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ფოსტისა და საფოსტო მარკების ისტორიას, დაათვალიერონ თემატური ექსპოზიციები და ჩაერთონ სხვადასხვა ინტერაქციულ აქტივობაში.
მთელი დღის განმავლობაში „საქართველოს ფოსტა“ სტუმრებს მრავალფეროვან, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს შესთავაზებს. აღნიშნულ სივრცეში მოქალაქეებს დახვდებათ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის საიუბილეო სივრცე, 26 მაისის თემატური ინსტალაციები, საფოსტო საქმიანობასთან დაკავშირებული ისტორიული საგამოფენო კონსტრუქციები, კალიგრაფისტის კუთხე, საბავშვო გასართობი სივრცე და ასევე, საფოსტო სამოსში გამოწყობილი „ფოსტალიონები “.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე მობრძანებულ სტუმრებს ასევე დახვდებათ სპეციალურად მოწყობილი სივრცეები, სადაც შეძლებენ უცხო ადამიანებს წერილობით გაუზიარონ თავიანთი ფიქრები და ასევე, მათთვის სასურველ ადრესატებს გაუგზავნონ წერილები ღია ბარათების მეშვეობით.
„საქართველოს ფოსტა“ ყველა მოქალაქეს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული სიამაყის დღეა, ეს თარიღი გვახსენებს იმ ღირებულებებს, რომლებიც გვაერთიანებს და გვაძლიერებს!
სხვა სიახლეები
მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს, ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი | ლევან დარსალია
11.09.2026.21:57
„ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება. ამ პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის იქნება მიწოდებული ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის წარმოდგენილი იქნება მთის ინტერაქციული რუკები, სადაც პოტენციური დამსვენებელი შეძლებს ნახოს, თუ რომელი ტრასა და საბაგირო არის გახსნილი, რა სიგრძისა და სირთულისაა ტრასები - მიიღოს ყველანაირი დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, ე.წ ლაივკამერებით შეძლებს კურორტისთვის თვალყურის დევნებას. ეს ვებგვერდი უკვე მუშავდება და სეზონის დაწყებამდე სატესტო რეჟიმში გაეშვება“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.
მისივე თქმით, „ემ თი ეი“-მ წელს გუდაურში დამწყები მოთხილამურეებისთვის სასრიალო არეალის განვითარება გადაწყვიტა. 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ორი ახალი, ბიგელის ტიპის საბაგირო - ჯამური სიგრძით 1 400 მეტრი - და 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა მონტაჟდება.
„ანალიზის შედეგად დავადგინეთ, რომ ჩვენი ვიზიტორების 35-დან 40 პროცენტამდე დამწყებია და, შესაბამისად, არეალის მოწყობა გვინდა ზუსტად დამწყები მოთხილამურეებისთვის, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი მომხმარებლების ბაზის გასაზრდელად. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.
ლევან დარსალიას თქმით, „ემ თი ეი“ წელს ამატებს ონლაინ გადახდის ფუნქციას. ახალი პლატფორმების საშუალებით დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აბონემენტები მთის ტრასების სააგენტოს ვებ-გვერდიდან შეიძინონ.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც და მისი მეშვეობით გვინდა, რომ მომავალი სეზონისთვის დავნერგოთ ციფრული აბონემენტის პროდუქტი. შესაბამისად, „ემ თი ეი“-ს ამ აპლიკაციის მეშვეობით დამსვენებელს შესაძლებლობა ექნება, სერვისები, რომლებიც ვებგვერდზეა, ბევრად უფრო მოხერხებულად გამოიყენოს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე, არა მხოლოდ სერვისების გაუმჯობესებისთვის, არამედ ჩვენი საოპერაციო ეფექტურობის მისაღწევად“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.