საქართველოს ფოსტასა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ფოსტასა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების, პროფესიული გამოცდილების მიღებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების ხელშეწყობა.
მემორანდუმი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს.
თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია საქართველოს ფოსტაში არსებული ვაკანსიების შესახებ, გაეცნონ დასაქმების პერსპექტივებს და ჩაერთონ პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში.
პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს საინფორმაციო შეხვედრებისა და დასაქმების ფორუმების ორგანიზებას, ასევე სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობების განხილვას.
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის, გიორგი ერაძის განცხადებით, ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
„საქართველოს ფოსტისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიის განვითარება, არამედ იმ გარემოს შექმნა, სადაც ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, პროფესიული უნარების განვითარებისა და კარიერული წინსვლის რეალური შესაძლებლობა ექნებათ. გვჯერა, რომ განათლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებას შორის მჭიდრო კავშირი წარმატებული პროფესიული მომავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. სწორედ ამიტომ, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მისცემს შესაძლებლობას, უკეთ გაეცნონ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და საკუთარი ცოდნა პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენონ. მსგავსი პარტნიორობების განვითარება ჩვენი პრიორიტეტია“ - აღნიშნა გიორგი ერაძემ.
აღნიშნული თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საგანმანათლებლო და ბიზნესსექტორებს შორის კავშირების გაძლიერების მიმართულებით. საქართველოს ფოსტა აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას, დასაქმებასა და მათი პოტენციალის რეალიზებას.
სხვა სიახლეები
პარლამენტში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა
12.11.2026.18:01
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებით კომისიასთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა გამართა.
როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, საერთაშორისო მისიის ფარგლებში შეფასდება საქართველოს მიერ ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული პროგრესი.
მისი ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში, საქართველომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული ანგარიში წარუდგინა, რომელიც ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ეს არის C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე მიღწეული პროგრესის (Path to Elimination – PTE) შეფასება და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის (EMTCT) ვალიდაცია.
საერთაშორისო მისიის ვიზიტის ძირითადი მიზანია ეროვნული ანგარიშით წარმოდგენილი მონაცემებისა და მტკიცებულებების ადგილზე გადამოწმება, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის პროგრამების განხორციელების შეფასება და ქვეყნის მზაობის განსაზღვრა საერთაშორისო ვალიდაციისთვის.
პარლამენტში გამართული შეხვედრის მიზანი იყო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური მხარდაჭერის, ასევე მიღწეული შედეგების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფაში პარლამენტის როლის განხილვა.
„C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს განსაკუთრებული შედეგი აქვს. მკურნალობის ეფექტურობა არის თითქმის 100 პროცენტი, რაც გამორჩეულია ყველა ქვეყანას შორის. ჩვენი ქვეყანა იბრძვის იმისათვის, რომ მიაღწიოს C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით საერთაშორისო აღიარების უმაღლეს - ოქროს დონეს (Gold Tier). დარწმუნებული ვარ, რომ ადეკვატური შეფასებები იქნება", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.