საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ISO 9001:2015-ის ხარისხის სერტიფიკატი მიიღო
ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ წარმატებით გაიარა ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო აუდიტი და მიიღო ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კომპანიის მართვის პროცესები, მომსახურების მიწოდება, მომხმარებელთან ურთიერთობა და შიდა კონტროლის მექანიზმები სრულად შეესაბამება საერთაშორისო ხარისხის მართვის სტანდარტებს.
„ISO 9001:2015-ის დანერგვა მიზნად ისახავს: მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას; პროცესების ეფექტიანობის ზრდას; მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლებას; რისკების მართვისა და პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას.
სერტიფიცირების პროცესი მოიცავდა კომპანიის საქმიანობის სრულ ანალიზს, შიდა პროცესების შეფასებასა და შესაბამისობის შემოწმებას საერთაშორისო მოთხოვნებთან.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ განაგრძობს სისტემურ განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, რათა მოსახლეობას მიაწოდოს უსაფრთხო, ხარისხიანი და საიმედო წყალმომარაგების სერვისი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.