საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და Apolitical-მა სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და საერთაშორისო პლატფორმამ Apolitical-მა საჯარო სექტორში ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული თანამშრომლობა საჯარო მოხელეებისთვის ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარებას ისახავს მიზნად.
აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უერთდება ინიციატივას - „Government AI Campus”. ეს არის გლობალური პლატფორმა, რომელიც სპეციალურად მთავრობებისა და საჯარო მოხელეებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, Google-თან პარტნიორობით და მათ სთავაზობს ექსპერტულ კურსებს, ინსტრუმენტებსა და კვლევებს ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოსაყენებლად. პროგრამა ორიენტირებულია საჯარო სექტორის მართვის გაუმჯობესებაზე, რათა სახელმწიფომ უკეთ შეძლოს ტექნოლოგიური გამოწვევების მართვა და მოქალაქეებისთვის გაუმჯობესებული სერვისების მიწოდება.
გარდა საგანმანათლებლო კომპონენტისა, სააგენტო აქტიურად ჩაერთო გლობალურ ინიციატივაში - „სახელმწიფო ხელოვნური ინტელექტის გზამკვლევი”. ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით შექმნილი უნიკალური ინტერაქციული მონაცემთა ბაზა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ განხორციელებულ ხელოვნური ინტელექტის რეალურ პროექტებს აერთიანებს. აღნიშნულ პლატფორმაზე წვდომა საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს და გამოიყენონ ისინი ადგილობრივ კონტექსტში, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების სწრაფ დანერგვას.
მხარეებმა თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განსაზღვრეს, მათ შორის, სასწავლო რესურსების ერთობლივი განვითარება, ცოდნის გაზიარება და ერთობლივი ვორქშოფებისა და ღონისძიებების ორგანიზება. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო Apolitical-ის გლობალურ ქსელთან ერთად იმუშავებს საჯარო სექტორში ტექნოლოგიური ტენდენციების ანალიზზე, რაც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დაეხმარება, მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებაში.
Apolitical Group Limited წამყვანი გლობალური სასწავლო პლატფორმაა, რომელიც სპეციალიზებულია საჯარო სექტორის განვითარებაზე, აერთიანებს ნახევარ მილიონზე მეტ ვერიფიცირებულ საჯარო მოხელეს 170 ქვეყნიდან და წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს ცოდნის, საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური იდეების გასაზიარებლად.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.