საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ჯობავამ, თბილისის ტექნოპარკში, უზბეკეთის რესპუბლიკის დასაქმების სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა.
დელეგაციის წევრებმა ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სააგენტოს ძირითად პროგრამებსა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებს დეტალურად გაეცნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტექნოლოგიური უნარების გაძლიერების მიმართულებით სააგენტოს წარმატებულ აქტივობებსა და გამოცდილებაზე.
ქართულმა მხარემ კოლეგებს გაუზიარა ინფორმაცია საგანმანათლებლო და გადამზადების პროგრამებზე, რომლებიც უშუალოდ უწყობს ხელს ტექნოლოგიურ სფეროში მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებას, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმების ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირებას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ერთობლივი სამუშაო ფორმატების შექმნის შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების წახალისებისა და ტექნოლოგიური განათლების კუთხით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.