საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველაზე მასშტაბური STEAM ბანაკი დაიწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს STEAM ბანაკის პირველი ნაკადი დაიწყო, რომელშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, 100 ქართველი ახალგაზრდა მონაწილეობს.
STEAM ბანაკი აერთიანებს ხუთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო მიმართულებას - მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებას და დიზაინს და მათემატიკას. ის მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების პროგრამირების საწყისებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებასა და ეკონომიკურ განვითარებას.
სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს გუნდურ მუშაობას, პროდუქტის პროტოტიპირებასა და მის განვითარებას, ასევე პროექტის წარდგენის ტექნიკასა და პრაქტიკულ სიმულაციებს. ბანაკის დასასრულს გამოვლინდება საუკეთესო გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტი მისიის შესრულება შეძლო.
თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, ბანაკის მონაწილეები ჩართულნი არიან STEAM GAME-ში, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, გუნდურად დააგროვონ ქულები მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებით. თამაშისთვის შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც ყოველდღიურად იტვირთება შესაბამისი მისიები.
ბანაკი ჩატარდება 3 ნაკადად, შერჩეული მონაწილეები სრულად დაფინანსდებიან. ბანაკში მონაწილეობას, ჯამში, 300 ახალგაზრდა მიიღებს. ბანაკს ამბასადორი კაჭრეთის აკადემია მასპინძლობს და ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი ახორციელებს.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.