საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ლიბანის ადმინისტრაციული რეფორმების მინისტრს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ლიბანის სახელმწიფო ადმინისტრაციული რეფორმების მინისტრს, ფადი მაკკის შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების დინამიკა განიხილეს და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რაც ლიბანისთვის, მიმდინარე ადმინისტრაციული რეფორმების პროცესში, სასარგებლო იქნება.
ვიზიტის ფარგლებში, ლიბანის დელეგაციამ მოინახულა თბილისის ტექნოპარკის სივრცეები და დეტალურად გაეცნო სააგენტოს მიერ დანერგილ პროგრამებს, სტარტაპ-ეკოსისტემის ხელშემწყობ მექანიზმებსა და ქვეყნის ტექნოლოგიურ პოტენციალს.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა იმ მნიშვნელოვან წინსვლაზე, რომელიც საქართველომ ინოვაციური ეკოსისტემის ზრდის მიმართულებით აჩვენა. ასევე საუბარი შეეხო მოქნილ საშეღავათო პირობებსა და ინოვაციური ბიზნესების მასშტაბირების ხელშეწყობას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.
სხვა სიახლეები
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.