საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და არაბთა გაერთიანებულ სამეფოში მოქმედ სტარტაპ NQUBATOR-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედმა სტარტაპ ინკუბატორმა და ინოვაციების პლატფორმა NQUBATOR-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის მიზანია სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება და ქართული სტარტაპებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობების გაფართოება.
მემორანდუმის ფარგლებში, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ორმხრივი ჩართულობით, მენტორობის, საკონსულტაციო მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა იგეგმება. თანამშრომლობა ქართული სტარტაპებისთვის სპეციალური აქსელერაციის რაუნდებისა და მხარდამჭერი პროგრამების შემუშავების შესაძლებლობებს ითვალისწინებს.
თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე იგეგმება ერთობლივი ღონისძიებების, ვორქშოფების, დემო დღეებისა და პარტნიორებთან კავშირების დამყარების სესიების ორგანიზება. ქართული სტარტაპები საერთაშორისო კორპორატიულ პარტნიორებსა და ინვესტორებს დაუკავშირდებიან პილოტური პროექტებისა და გლობალური მასშტაბირების მიზნით. აღნიშნული პარტნიორობა ხელს შეუწყობს ქართული სტარტაპების კონკურენტუნარიანობის ზრდას და გლობალურ ინოვაციურ ეკოსისტემაში მათ ინტეგრაციას.
NQUBATOR არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში დაფუძნებული სტარტაპ ინკუბატორი, აქსელერატორი და ინოვაციების პლატფორმაა. ის სტარტაპებს იდეების მასშტაბურ და ბაზარზე ორიენტირებულ ბიზნესებად გარდაქმნაში ეხმარება. ორგანიზაცია ფოკუსირებულია უძრავი ქონების, გარემოსდაცვითი და ციფრული კომერციის ტექნოლოგიების მიმართულებებზე.
დამატებითი ინფორმაცია NQUBATOR-ის შესახებ: https://www.nqubator.com/
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.