საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თამოსკინს" „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა
მომხმარებლის განცხადების საფუძველზე ჩატარებული შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მოვაჭრემ პროდუქცია მომხმარებელს შეთანხმებულ ვადაში არ მიაწოდა, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემდეგ თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
GCCA-ის შეფასებით, აღნიშნული ქმედება არღვევს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ეწინააღმდეგება სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს და არსებითად აზიანებს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებს.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
კანონის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრე შეიძლება დაჯარიმდეს წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
სხვა სიახლეები
2027 წლის პირველი აპრილი ბიზნეს სუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის ბოლო ვადაა - თამარ ზოდელავა
09.11.2026.15:40
2027 წლის პირველი აპრილი არის ბოლო ვადა, რათა ბიზნეს სუბიექტებმა შესაბამისობაში მოიყვანონ მონაცემები და გაიარონ ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“ განაცხადა.
თამარ ზოდელავამ განმარტა ის პროცედურები, რომლებიც ბიზნეს სუბიექტებმა ხელახალი რეგისტრაციისთვის უნდა გაიარონ.
„მოგეხსენებათ, რომ იმ მეწარმეებს, რომლებმაც 2026 წლის პირველ აპრილამდე არ გაიარეს ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია, შეუჩერდათ სტატუსი. შეჩერებული სტატუსი ჯერ კიდევ არ ნიშნავს გაუქმებას. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ბიზნესსუბიექტები ვერ ახერხებენ ამონაწერის მიღებას, არ აქვთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე, ვერ ახორციელებენ საგადასახადო ტრანზაქციებს და ა.შ.
იმისთვის, რომ მათ ყველა ამ სერვისზე წვდომა აღუდგეთ, საჭიროა, შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემები.
მეწარმეებს ხელახალი რეგისტრაციის გასავლელად 2027 წლის პირველ იანვრამდე აქვთ ვადა. თუმცა, თუ ამ დროისთვისაც არ გაივლიან რეგისტრაციას, 2027 წლის პირველ იანვარს მათ გაეგზავნებათ შეტყობინებები და კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე 2027 წლის პირველ აპრილამდე, მიეცემათ ვადა ხელახალი რეგისტრაციის გასავლელად.
2027 წლის პირველ აპრილს გაუქმდება ყველა ის ბიზნეს სუბიექტი, რომელსაც ხელახალი რეგისტრაცია არ ექნება გავლილი. სახელმწიფოს კი ექნება აქტუალური და სანდო მონაცემები ყველა იმ მეწარმის შესახებ, რომელიც აქტიურად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“.