„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა იმერეთში სამელიორაციო ობიექტები დაათვალიერა
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა, სადაც იმერეთის სამელიორაციო სისტემებს გაეცნო და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა. რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გიგლა თამაზაშვილმა სარწყავი სეზონისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია; გენერალურმა დირექტორმა და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა ინფრასტრუქტურული ობიექტების გამართულად მუშაობის საკითხებზეც იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში, იმერეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 32 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. ესპლუატაციის ფარგლებში, მოწესრიგდა და გაიწმინდა 1 078 კილომეტრი სიგრძის სამელიორაციო არხები, შეკეთდა 1 555 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი გახდა 12 075 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 15 270 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დრენირებულია 3385 ჰექტარი სავარგული.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.