საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% ქალია - საქსტატი
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9.9 ათასი კაცით მეტია.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 488) და დადებითი მიგრაციული სალდო (14 386).
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.5 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.2 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.2 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.6 პროცენტს.
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 780.6 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 923.9 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.
სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 93-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 93 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.
წინა წელთან შედარებით, 2024 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა თითქმის უცვლელი დარჩა და 74.9 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.3 წელი.
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 39 წელს.
2024 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 121 425 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 50.5 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 34.0 პროცენტით შემცირდა და 135 811 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.6 პროცენტი და ემიგრანტების 85.8 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
2024 წელს, იმიგრანტების 48.2 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 53.2 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.
სხვა სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება - ალექსანდრე დარახველიძე
26.08.2026.14:02
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო ზრუნავს იმაზეც, რომ ნებისმიერი ისეთი პიროვნება, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, დროულად გამოვლინდეს და არ დაიშვას სახელმწიფო საზღვარზე.
„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია იმის შეახებ, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. ზოგადად, ზაფხულის პერიოდში გაზრდილია მგზავრთა ნაკადები ტურისტული სეზონის გამო. მონაცემი, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ეყრდნობა, მოიცავს როგორც მგზავრთა საქართველოში შემოსვლის, ისე გასვლის მაჩვენებელს. უნდა აღინიშნოს, რომ გასვლის მაჩვენებელი აღემატება შემოსვლის მაჩვენებელს. აღნიშნული ციფრით ხდება საზოგადოების მანიპულირება, თითქოს უკავშირებენ, რომ ეს არის რუსეთის მოქალაქეების საერთო რაოდენობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მონაცემი შეიცვას როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ჯამურ მაჩვენებელს.
მსურს საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრათ, რომ მონაცემები, რომელიც სპეკულაციურად ვრცელდება, არაა დაკავშირებული რაიმე ტიპის საფრთხესთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, რომ ნებისმიერი ისეთი პიროვნება, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, დროულად გამოვლინდეს და არ დაიშვას სახელმწიფო საზღვარზე. მოვუწოდებ საზოგადოებას, გადაამოწმონ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებთან და ენდონ იმ მონაცემებს რომელსაც სპეკულაციურად და მანიპულაციურად ავრცელებს ზოგიერთი მედიასაშუალება“, - აღნიშნა დარახველიძემ.