საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ქვეყანაში IT ეკოსისტემის შესაქმნელად - ავთანდილ კასრაძე
საქართველოს ეკონომიკაში IT სექტორის ბრუნვა ბოლო 4 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა. 2024 წლის მდგომარეობით, IT სექტორის წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში 5%-ი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 5-ჯერ მეტია. ასევე გაზრდილია IT მიმართულებით დასაქმებულთა რაოდენობა - ეს მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით გაოთხმაგდა. ამასთან, IT სექტორში დასაქმებულთა შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 3 -ჯერ აღემატება. რაც შეეხება IT მიმართულებით გაწეული მომსახურების წილს მთლიანი ექსპორტის მოცულობაში, 2023 წლის მდგომარეობით, ის 7%-ს გაუტოლდა, რაც 2020 წელთან შედარებით 3-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტის მოცულობა 2020 წელთან შედარებით 8 -ჯერ გაიზარდა.
როგორც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე აღნიშნავს, მიღწეული შედეგები შესაძლებელი გახდა ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად.
„საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ქვეყანაში IT ეკოსისტემის შესაქმნელად, IT კომპანიებისთვის ქვეყანაში არსებული საგადასახადო შეღავათების, 5%-იანი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის შედეგად, საერთშორისო კომპანიის სტატუსით რეგისტრირებულია 170-ზე მეტი კომპანია, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირთა რაოდენობამ, რომელთაც IT მიმართულება აქვთ მითითებული საქმიანობის სფეროდ, 2024 წელს შეადგინა 18 580, მათი საშუალო თვიური ხელფასი კი წარმოადგენს 8,876 ლარს. თავის მხრივ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ინვესტიციას ახორციელებს ახალი IT სპეციალისტების გადამზადების პროგრამებში, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე დასაქმდნენ“.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს ასევე ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე უცხოელი IT პროფესიონალებისა და მეწარმეებისთვის ბინადრობის მოპოვების წესში ცვლილებების შესახებ. ახალი რეგულაციების მიხედვით, ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე უცხოელები ბინადრობის უფლების მოპოვებას შეძლებენ, თუ მათი საქმიანობიდან წლიური შემოსავალი 25 000 აშშ დოლარის ექვივალენტზე ნაკლები არ არის. ბინადრობის ნებართვა სამი წლის ვადით გაიცემა და განახლებადია 12 წლამდე. ცვლილებების შედეგად, საერთაშორისო IT კომპანიებში დასაქმებულთა მიერ საქართველოში დახარჯული თანხა მომდევნო 5 წლის განმავლობაში 6.5 მლრდ. ლარს მიაღწევს.
ავთანდილ კასრაძის თქმით, GITA - ს მიერ განხორციელებული სტარტაპების მხარდამჭერი თანადაფინანსების საგრანტო პროგრამების შედეგად, შეიქმნა 4,000 სამუშაო ადგილი და ეკონომიკაში 700 მლნ ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიტანა. 2026 წლიდან „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის“ სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, 4 საერთაშორისო აქსელერატორი ქართულ სტარტაპებს დაეხმარება გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში.
2025 წლის სექტემბრიდან ცვლილებები შევიდა ინოვაციების შესახებ კანონში, რის შედეგადაც განისაზღვრა ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიისა და კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი. კერძოდ, აღნიშნული სტატუსის მქონე პირები, პირველი 3 წლის განმავლობაში ისარგებლებენ საშემოსავლო გადასახადის 0%-იანი განაკვეთით. გარდა ამისა, მათ, მოგების განაწილების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ კვლევებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხის 300% გამოიქვითონ დასაბეგრი მოგებიდან. მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კი დაიბრუნონ კვლევებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხის 20% ქეშბექის სახით. გარდა ამისა, კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე პირები ისარგებლებენ საშემოსავლო და მოგების გადასახადების 5%-იანი განაკვეთით.
ქ. ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში იქმნება რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც წარმოადგენს მულტიფუნქციურ ინოვაციურ სივრცეს და მოიცავს ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, ტექნოლოგიურ პარკს, ხელოვნური ინტელექტის ცენტრს, TUMO-ს შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრს და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის გამოყოფილ საოფისე სივრცეებს. „ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, რომელიც უმასპინძლებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს და დასაქმების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შესძენს საქართველოს მოქალაქეებს.“ - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.